ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებით ცდილობს საზოგადოებაში არეულობის კერების შექმნას, მთელი მათი მოღვაწეობა ტყუილზეა დამყარებული

„ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებით ცდილობს საზოგადოებაში არეულობის კერების შექმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი აქვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას. კითხვაზე – ფოტომტკიცებულება თუ გამოქვეყნდება, რომ სააკაშვილი იკვებება, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ამის მოთხოვნა თუ იქნება, კანონის მიხედვით, ესეც ალბათ გასაჯაროვდება“.

„არ არის ამის გასაჯაროების პრობლემა. აგრეთვე ითქვა იქ, რომ კონსილიუმის ოფიციალური დასკვნებია, სადაც არც ერთ დასკვნაში არ წერია, რომ ადამიანს სჭირდება სამედიცინო განსაკუთრებული ჩარევა ან გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

ერთი დიდი უბედურება სჭირს საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. მთელი მათი მოღვაწეობა არის ტყუილზე დამყარებული. არ იხევენ უკან არაფერზე, მათ შორის, ადამიანი, რომელიც იღებს საკვებს, იუსტიციის მინისტრმა მთელი პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ყველა ეს სიტყვა, რომელსაც ამბობს, არის ფაქტობრივი დოკუმენტური მასალით გამყარებული. ვხედავთ, რომ ასეთი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოებაში არეულობის კერების შექმნას. მიზანი არის, რომ ქვეყანა იყოს არასტაბილური, რომ რაც ოკუპანტმა თავის დროზე ვერ მოახერხა, ახლა მოახერხებინონ. ეს არის სააკშვილის გეგმა, თუ არ ვარ მე ხელისუფლებაში, მაშინ, ამ ქვეყანას რაც შეიძლება, მეტი ცუდი გაუკეთონო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის რეკომენდაციას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პენიტენციურ დაწესებულებაში გამართვის შესახებ, დეპუტატის თქმით, ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომ მოაწყონ პროვოკაცია და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ სამოქალაქო დაწესებულებაში გადაყვანას.

„როცა ადამიანებს ასეთ ქმედებებზე უჭირავთ თვალი, ბუნებრივია, საუბარი არის უშუალოდ პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სასამართლო იქნება ყველა კანონის დაცვით გამართული, საჯაროობის აუცილებელი სტანდარტიც იქნება დაცული, მაგრამ უსაფრთხოების ზომებიც იქნება მიღებული. ახლა სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მასზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებითაც.

მისი თქმით, საქართველოში რომ დაცული არის სიტყვის თავისუფლება და მათ შორის მიტინგის მოწყობის თავისუფლება, ამას არავინ არავის უკრძალავს, მაგრამ როგორც კი, ეს გადაიზრდება არაკანონიერ ქმედებაში, სახელმწიფო მკაფიოდ აფრთხილებს ყველას, რომ იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გატარებული.

„სიახლე არაფერია. თავიდანვე, როცა სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში, ეს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ვინც მას ამ ნაბიჯისკენ უბიძგებდა, გარედან თუ შიგნიდან, რომ ქვეყანაში არეულობის პროვოცირება მოეხდინა. იმ მომენტში ეს არ გამოუვიდა, გამომდინარე იქედან, რომ იქნა დაკავებული. მან დაიწყო ტყუილი შიმშილობა, მას ამ ხნის განმავლობაში უნდოდა მომხრეების და საზოგადოების მობილიზება და დაძაბვა უნდოდა. აღმოჩნდა, რომ თურმე, ტყუილია ეს ყველაფერი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, არის ჩვეულებრივ დიეტაზე. რა განზრახვაც მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა და წესრიგი დაერღვიათ და არეულობა მოეწყოთ, ამ განზრახვაზე ხელი აღებული არ აქვთ და ჩვენ ადრეც ვნახეთ, რომ მისი მომხრეები როგორ გეგმავდნენ მისი საავადმყოფოში გადაყვანის დროს პიკეტირებას. ეს მიზნები არ შესრულდა, ეტყობა გარკვეულ მზადებას ამ მიმართულებით აგრძელებდნენ და ამ გამოძიების ფარგლებში განაცხადა სუს-მა ის, რაც დღეს გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები