რატი ბრეგაძე: ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში, თუკი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს?!
„არსებობს, რა თქმა უნდა, მსგავსი პრაქტიკა, შესაძლებელია, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილასაც და, ბუნებრივია, ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება ის, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში 10 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება ის, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან, იმიტომ, რომ, როგორც მოგახსენეთ, აქ შეიძლება საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და, სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ იგი და, ბუნებრივია, ასევე, დავიცვათ მართლწესრიგი.
ჩვენ ისედაც ძალიან დავღალეთ უკვე საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუკი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, ხომ? არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი მიმართული იყოს ერთი ადამიანის დაცვაზე და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე. შესაბამისად, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ პროცესი ჩატარდეს №12 დაწესებულებაში და, ბუნებრივია, ყველა სამართლებრივ პროცედურას ჩვენ გავყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა დაგეგმილი სასამართლო პროცესის ვიდეოგადაღების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ – „ეს არის უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ბუნებრივია, ჩვენ აბსოლუტურად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს”.