აგრარულ საკითხთა კომიტეტში პესტიციდების გამოყენების საკითხზე იმსჯელეს
აგრარულ საკითხთა კომიტეტში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოში პესტიციდების გამოყენების თემაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც, კომიტეტის წევრების გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს და ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოში პესტიციდების გამოყენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის” მიერ წარმოდგენილი პირველადი ანგარიში განიხილეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს გააცნეს კვლევების შედეგები და, შესაბამისად, საქართველოში პესტიციდების შეფასების პირველადი ანგარიში, ასევე მთელი რიგი რეკომენდაციები როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე ალტერნატიული მეთოდების დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები ასევე წარმოადგინეს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტი პესტიციდების ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებით ყოველთვის ინტენსიურად აკეთებს მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ის პროდუქცია, რომელიც ჩვენთან იქმნება.
„ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმის აუცილებლობას, რომ ეტაპობრივად და, რაც მთავარია, დაბალანსებულად იქნეს ჩანაცვლებული პესტიციდები ორგანული სასუქი საშუალებებით. ამასთანავე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნამდვილად სჭირდება ადამიანური რესურსებით გაძლიერება იმისთვის, რომ ჩაატარონ მონიტორინგი როგორც პესტიციდების ხარისხის, ასევე მათი შენახვის პირობებსა და ვადებთან დაკავშირებით. სწორედ ამ და სხვა ბევრი საკითხის თაობაზე მოვილაპარაკეთ დღეს არასამთავრობო სექტორთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან და ერთად დავსახეთ საერთო მიზნები და გეგმები საქართველოში პესტიციდების გამოყენების თაობაზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.