რა მედიკამენტები შემოვიდა საქართველოში კოვიდპაციენტების სამკურნალოდ – ივანე ჩხაიძის განმარტება
ეს სერიოზული გარღვევაა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან სერიოზული კიდევ ერთი ინსტრუმენტია”, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ- ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ პრეპარატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შემოვიდა.
ჩხაიძემ განმარტა, თუ რა ტიპის პრეპარატებზეა საუბარი.
„ეს არის სიახლე, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და, როგორც ცნობილია, უკვე 10 ნოემბრიდან ამ მედიკამენტების გამოყენება დაიწყება. ესაა 2 ჯგუფის მედიკამენტები განსაზღვრული, პირველი: შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისთვის, ანუ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ბინაზე არიან და რომლებთანაც შეიძლება, ერთჯერადი ინტრავენური გადასხმით მდგომარეობის დამძიმება ავიცილოთ თავიდან და მეორე ჯგუფია ის მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც, შეიძლება, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს გაუკეთდეთ და მათში დაავადების მძიმე მიმდინარეობა ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გარღვევაა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან სერიოზული კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
ბევრ მედიკამენტზე მუშაობა მიმდინარეობს. ოღონდ ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში ეს მედიკამენტები საქართველოში შემოვიდეს იმ რაოდენობით, რომ მოსახლოების დიდი ნაწილს ეყოს. ჯერჯერობით, ვრჩებით ვაქცინაციის იმედზე. ესაა ჩვენი რესურსი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
თამუნა შეყილაძე