„დეკემბერ-იანვარი კრიტიკული იქნება, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ეს იქნება ყველაზე მძიმე 2 თვე“ – ივანე ჩხაიძე
„დეკემბერ-იანვარი კრიტიკული იქნება, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ეს იქნება ყველაზე მძიმე 2 თვე, რაც შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს“, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ- ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესებას გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს.
„ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში მძიმე რჩება. ბოლო ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი კორონავირუსის 4 411 შემთხვევაა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტენდენცია შემცირებისკენ ჯერჯერობით არ ჩანს. არც უახლოესი დღეების განმავლობაში ჩანს რაიმე დამაიმედებელი, ვინაიდან ის, რაც ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ხელისშემწყობია: ან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, ან ახალი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ან არსებულის შენარჩუნება – არცერთი ამ მხრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. ის, რასაც მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში ველოდებით, ისევ და ისევ მაღალი რიცხვების შენარჩუნებაა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა იმ პერიოდში ვართ, როცა ქვეყანაში ამინდის ცვლილებების გამო და, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ათწლეულების სტატისტიკის მიხედვით, სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატებაც გვექნება. ეს არის სეზონური მატება, რომელიც საქარველოში, ძირითადად, ნოემბრიდან იწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში აღწევს. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დეკემბერ-იავნარში კორონავირუსთან ერთად აუცილებლად გვექნება სხვა ტიპის ვირუსები, მათ შორის, გრიპის ვირუსი. ამის შესახებ ჯანმო ყველა ქვეყანას აფრთხილებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ზოგადად ეპიდსიტუაციის გაუარესებას, ეს იქნება ცუდი კონკრეტული ადამიანისთვის, ვინაიდან ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირების შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი მატულობს. მეორე მხარე, რასაც გრიპის შემთხვევების მატება აუცილებლად მოიტანს, ეს არის გრიპით ინფიცრებულებისთვის საწოლების გარკვეული რაოდენობის განსაზღვრა. გრიპი მსუბუქი დაავადება არ გახლავთ, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში გრიპით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს სტაციონარიზაცია სჭირდება. შესაბამისად, თუ დღეს საწოლების გარკვეული რაოდენობა გვაქვს, მთლიანად მიმართული, 1500-ზე მეტი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტისთვის, გრიპის დაწყების შემდეგ ამ საწოლების გარკვეული რაოდენობა, მცირე, მაგრამ მაინც, გრიპით ინფიცირებულ პაციენტებსაც დასჭირდებათ. ესეც სერიოზული რისკია. ამიტომ, ვამბობთ, რომ დეკემბერ-იანვარი კრიტიკული იქნება, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ეს იქნება ყველაზე მძიმე 2 თვე, რაც შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ამ ორი მძიმე ვირუსის საწინააღმდეგოდ ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.
„ნებისმიერი დადებითი პროგნოზის გაკეთებისთვის ძალიან დიდი და სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ვაქცინირებული ადამიანების ძალიან დაბალი მაჩვენებელი გახლავთ. ყოველდღიურად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იმუნიზაციის ცენტრებს მიმართავენ. აქაც რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი იმისა, რომ ხვალ-ზეგ ეს რიცხვი გაიზრდება, არ გვაქვს. ასე რომ, ქვეყანაში პარადოქსული ვითარებაა, ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ჩვენ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის კლებით ვპასუხობთ.
ხაზი კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა იმას, რომ ახლანდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება თუნდაც აგვისტოს მდგომარეობისგან, როცა ჩვენ სხვა ხელისშმეშლელი ფაქტორი არ გვქონდა. ახლა ხელისშემშლელი ფაქტორი გვაქვს. ტერმინი „ტვინდემია“ არ არის შემთხვევითი, თეორიული, ამის უკან ძალიან რეალური საშიშროებები დგას. ამ ორი მძიმე ვირუსის საწინააღმდეგოდ ერთადერთი გამოსავალი ვაცინაციაა: გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციები“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.
თამუნა შეყილაძე