მამუკა სალუქვაძე: აუცილებლად “მივაგებთ პატივს” იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ყავის ჭიქა არ გააგდეს ხელიდან, უმოქმედობით დაამტკიცეს თავიანთი არაკომპეტენტურობა და ინდეფერენტულობა
“ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პირველი, კვლევითი ეტაპის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ იმ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების ჩამონათვალს, ვინც ითანამშრომლა “სითი ინსტიტუტი საქართველო”-სთან და ბათუმის მერიასთან”, – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტი–საქართველოს” დირექტორი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
სალუქვაძის განცხადებით, ასევე, ხაზი გაესმება იმ ორგანიზაციების უმოქმედობას, რომლებმაც ბათუმის გენერალური გეგმაზე მუშაობის პროცესში თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
“ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პირველი, კვლევითი ეტაპის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ იმ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების ჩამონათვალს, ვინც ითანამშრომლა “სითი ინსტიტუტი საქართველო”-სთან და ბათუმის მერიასთან. ცალკე, შესაბამისი კომენტარებით აუცილებლად “მივაგებთ პატივს” იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის ოფიციალური თუ არაოფიციალური მიმართვისა და თხოვნისა, ყავის ჭიქა არ გააგდეს ხელიდან, უმოქმედობით დაამტკიცეს თავიანთი არაკომპეტენტურობა და ინდეფერენტულობა ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. რასაც ვპირდები, აუცილებლად შევუსრულებ”, – წერს სალუქვაძე.