იოსებ არჩვაძე: გაძვირებული იმპორტი რომ არა, ინფლაციის დონე 2021 წლის ოქტომბერში არ გადააჭარბებდა 4.0-4.5 პროცენტს
„ინფლაციის ასეთი მაღალი ტემპის მიზეზი რამდენიმეა. გარე ფაქტორები დიდწილად განაპირობებს ხარჯების ინფლაციას – ადგილი აქვს იმ ნედლეულისა და პროდუქციის გაძვირებას, რომლის ტრადიციული იმპორტიორია საქართველო. მთლიანობაში, რომ არა გაძვირებული იმპორტი, ჩვენი შეფასებით, ინფლაციის დონე 2021 წლის ოქტომბერში არ გადააჭარბებდა 4.0-4.5 პროცენტს,“ – ასე გამოეხმაურა საკუთარ ფბ გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ, 2021 წლის ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელს, რომელმაც, აგვისტოს მსგავსად, 12.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 1.3 პროცენტია, რაც ივლისის თვის ანალოგიურია.
იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მარტო ნავთობპროდუქტების გაძვირების ხარჯზე გასული წლის საშუალო დონესთან შედარებით იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების იმპორტი ჩვენ წელს დაახლოებით 300 მილიონი დოლარით უფრო ძვირი გვიჯდება. ამასთან, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გაძვირება აისახება როგორც უშუალოდ – ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის გაძვირებაში, ისე გაშუალებულად – სატრანსპორტო მომსახურების გაძვირებაში და ამის საფუძველზე – ფაქტობრივად, ყველა პროდუქტის თვითღირებულების (შესაბამისად, ფასების) მატებაში.
ნავთობპროდუქტების გარდა, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა: მარცვლეული – 1.3-ჯერ, შაქარი – 1.5-ჯერ, ზეთი – 1.6-ჯერ. მარტო ამ სამი დასახელების პროდუქციის იმპორტი ქართულ მხარეს წელს შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარით ძვირი უჯდება. მთლიანად FAO -ს შეფასებით, გლობალურ ბაზრებზე სურსათის ფასების ინდექსი ბოლო ერთი წლის მანძილზე 33%-ით არის გაზრდილი.
„გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ გასულ წელთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი სასაქონლო დანიშნულების კონტეინერებისა და სატრანსპორტო საშუალებების ფრახტის ღირებულება (5-ჯერ და მეტად), რაც ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს და, საბოლოოდ, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, საბიუჯეტო შემოსავლების კლება და მისი გაზრდილი დეფიციტი, ტურისტული ინდუსტრიიდან შემოსავლების ჯერადი (თითქმის 6-ჯერადი!) შემცირება ასევე აისახა სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსსა და გაზრდილ ინფლაციაში,“ – აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.
მისი მოსაზრებით, ფასების ზრდაზე შედარებით ნაკლებად, მაგრამ თავისი გავლენა ასევე მოახდინა ქვეყანაში ეკონომიკის გამოცოცხლებამ და დამატებითი სამუშაო ადგილების ზრდამ. ამ უკანასკნელმა ასახვა პოვა მოსახლეობის დასაქმებული ნაწილის შემოსავლებისა და, შესაბამისად, გადახდისუნარიანი მოთხოვნის ზრდაში, რამაც, თავის მხრივ, ფასების გარკვეული მატება განაპირობა.
„იმპორტირებულ ინფლაციის პირობებში მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნისა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფაში თავისებური ანტიდოტის როლს ასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთიდან სამშობლოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები, რომელთა მოცულობა დაახლოებით ¾-ით აჭარბებს იმპორტის გაძვირების მაჩვენებელს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ადრესატი საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ მცირე ნაწილია, ინფლაციის მაღალი ტემპი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის რჩება ძირითად ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გამოწვევად,“ – წერს იოსებ არჩვაძე.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ეროვნული ბანკის მონეტარული განაკვეთი საკმაოდ მაღალ დონეზეა (10%), რაც ინფლაციის დათრგუნვაში მისი შემდგომი ზრდის ალბათობას საკმაოდ ამცირებს. მისი თქმით, ინფლაციის მაკროეკონომიკური და სოციალური სიმწვავის შემცირებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დაცვისა და ზრდის უზრუნველყოფაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების აუცილებლობას და მნიშვნელობას.