გიორგი ამილახვარი: ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ იმ ადამიანების ნდობას, ვინც კიდევ ერთხელ მოგვანიჭა სახელისუფლებო მანდატი და გვანდო ქვეყნის მართვა

„30 ოქტომბერს მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, სწორი არჩევანი და საბოლოოდ უარი უთხრა წარსულში დაბრუნებას, ძალადობას, არეულობას და ხმა მისცა საქართველოს მშვიდობიან განვითარებას. შესაბამისად, გაიმარჯვა თბილისმა და გაიმარჯვა საქართველომ. არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა. ამით დასრულდა ის, პრაქტიკულად, ერთწლიანი პოლიტიკური საბოტაჟი და პოლარიზაცია, რასაც თავის ქვეყანას უპირისპირებდა დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,ქართული ოცნების,, დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვისაც არ სურს, განახორციელოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, მან უნდა დატოვოს პარლამენტის შენობა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის თანამშრომლობისთვის იმ ოპოზიციის წევრებთან, ვისაც შესწევს უნარი, აიღოს პასუხიმგებლობა ქვეყნის მომავალზე.

„დღეიდან დაიწყება თბილისი კიდევ უფრო მეტი განვითარება, რეგიონებში გაცემული დაპირებების შესრულება და ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ იმ ადამიანების ნდობას, ვინც კიდევ ერთხელ მოგვანიჭა სახელისუფლებო მანდატი და გვანდო ამ ქვეყნის მართვა. არ არსებობს, მეგობრებო, ორი საქართველო, არის ერთი საქართველო, სადაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ. უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია და გაყოფა ამ ქვეყანაში, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, თუმცა, ამ საკითხში ოპოზიციის როლიც მნიშვნელოვანია, რომ მათაც აიღონ თავიანთი წილი ვალდებულება და განახორციელონ თავიანთი როლი, რისთვისაც მათ მხარი დაუჭირა ჩვენმა მოქალაქეებმა. მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა არჩევნებზე, არ აქვს მნიშვნელობა – ვის დაუჭირა მხარი, ჩვენ ყველას ხელისუფლება ვართ და თანაბრად ვიზრუნებთ ყველაზე.

ახლა ჯერი ჩვენზეა და ამ ნდობას დავაბრუნებთ ბევრი გაკეთებული საქმითა და ხალხზე ზრუნვით”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები