დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„საქართველოსა და ტაჯიკეთს სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. მზად ვართ, კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება აგრარული სექტორის განვითარებისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე, სოფლის განვითარების პოლიტიკასა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის აგრო-სასურსათო ვაჭრობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 7.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 6.5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 778 ათასი აშშ დოლარი იყო. ტაჯიკეთში საქართველოდან ძირითადად ექსპორტირდება უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, კვებითი დანამატები, ნატურალური ყურძნის ღვინოები და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქცია.
დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.