ნინო წილოსანმა „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, სტუდენტური კონკურსის მეორე ეტაპი გახსნა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ლუს ლამერტსთან ერთად, „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სტუდენტური კონკურსის მეორე ეტაპი გახსნა.

„სოფლად მეწარმეობის განვითარება ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მაგრამ ახლა სულ სხვა რაკურსით ვახორციელებთ ამ იდეას ორგანიზაცია CENN-ის ტექნიკური დახმარებით და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კომიტეტი „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია სტუდენტების მიერ ტყის არამერქნული რესურსის კომერციული გამოყენების ბიზნეს-პროექტების დამუშავება და, მათ შორის, საუკეთესო მოსაზრებების წარდგენა. სტუდენტები სამდღიანი ტრენინგს გაივლიან, გაიღრმავებენ ცოდნას და აქვე გაუკეთებენ ფორმირებას ახალ იდეებს, რომელიც ასევე ბიზნესთან თანამშრომლობით რეალური პროექტის სახედ შეიძლება გადაიქცეს. ამ პროექტის ფარგლებში, აქცენტი კეთდება ტყის არამერქნული რესურსის გამოყენებაზე სოფლის მეურნეობაში.

მოხარული ვართ, რომ ამ პროექტს ვახორციელებთ ისეთი კვალიფიციური და რეპუტაციული ორგანიზაციის მხარდაჭერით, როგორიც არის CENN, რომელმაც ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმა ყველა საჭირო უნარის თუ ტრენინგის ჩატარება სტუდენტებისთვის, რომელიც მათ ნამდვილად აუმაღლებს ცოდნას თუ რა მიმართულებით შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებსა და უწყებებს პროგრამის განხორციელებაში თანადგომისათვის, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს როლი, სტუდენტებს კი წარმატებები უსურვა.

პროექტის ფარგლებში, კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად, 50 სტუდენტიდან შეირჩა გამორჩეული და განსაკუთრებული იდეების მქონე 9 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც მეორე ეტაპზე სოფლად მეწარმეობის განვითარების შესახებ სამდღიან ტრენინგს ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში” გაივლიან. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ შორის, გაეცნონ ტყის არამერქნული რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, რეგიონული ან ეროვნული მოდელების შექმნასა და პილოტირებას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და სოფლის განვითარების სტრატეგიულ ამოცანებს. დაგეგმილია, რომ სტუდენტები, პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კონსულტაციების შედეგად, შეიმუშავებენ და 2021 წლის 1 დეკემბრამდე წარადგენენ ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციული სარგებლობის კონცეფციებს ბიზნეს-გეგმებისათვის.

საბოლოოდ კი, 3 საუკეთესო კონცეფციის ავტორი „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამის პრემიებით და პრიზებით დაჯილდოვდება. გამარჯვებულების დაჯილდოება 2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, არსამთავრობო ორგანიზაცია CENN-ისა და ასოციაცია „ტყის პროდუქტის” ჩართულობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები