ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე – ქილერი ნათესავმა ამოიცნო

ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ხანგოშვილი კრემლის დაკვეთით მოკლეს. უკანასკნელ სხდომაზე, უკრაინიდან ჩასულმა მოწმემ ქილერში საკუთარი ნათესავი, ვადიმ კრასიკოვი ამოიცნო. ასევე, მან ივარაუდა, რომ კრასიკოვი რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელია. ამ მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენების დეტალების შესახებ გერმანული გამოცემა – „დოიჩე ველე“ იუწყება. მოწმე, უკრაინელი ბიზნესმენი – ალექსანდრ ვ. აცხადებს, რომ ვადიმ კრასიკოვის ცოლის დაზეა დაქორწინებული. დები წარმოშობით უკრაინიდან არიან, თუმცა, ბოლო წლებში კრასიკოვი და მისი ცოლი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, უკრაინაში მყოფ ნათესავებს კი დროდადრო სტუმრობდნენ. რამდენიმე თვის წინ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კრასიკოვის ცოლის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, სადაც არაერთი ოჯახური ფოტოსურათი იპოვეს. ამგვარად, მათ კრასიკოვის იდენტიფიკაცია მოახდინეს და გერმანელ კოლეგებს დაეხმარნენ. უკრაინელმა ბიზნესმენმა, ალექსანდრ ვ.-მ პირველად გერმანულ სასამართლოში ჩვენება 2021 წლის ივლისში მისცა. მაშინ ის აცხადებდა, რომ  ბრალდებულის ვინაობასთან დაკავშირებით დარწმუნებული არ იყო, მან მაშინ კითხვებზე პირდაპირი პასუხი არ გასცა. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ  ასე მხოლოდ თავისი და ოჯახის უსაფრთხოების რისკების გამო მოიქცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მოწმის ჩვენება

33 წლის, ეთნიკური ჩეჩენი, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში, ტირგარტენის პარკში მოკლეს. მასზე თავდასხმა წლების წინ საქართველოშიც მოხდა, რის მერეც ის უკრაინაში გადასახლდა, მოგვიანებით კი გერმანიაში თავშესაფარი მიიღო. ხანგოშვილს ბერლინის პარკში  მამაკაცმა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ორჯერ ესროლა და ადგილზე მოკლა. მამაკაცმა მტკიცებულებების განადგურების მიზნით ველოსიპედი და მაყუჩიანი პისტოლეტი მდინარეში გადააგდო, თუმცა, რამდენიმე წუთში ის დააკავეს. მას თან ჰქონდა რუსეთის მოქალაქის პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზე.  მალევე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. ისიც და რუსეთის ხელისუფლებაც დღემდე უარყოფენ ამ ვინაობის არსებობასა და შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას. ბრალდებულის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი ვადიმ ს.-ა, როგორც ეს მის პასპორტშია მითითებული, რომლითაც ის მოსკოვიდან პარიზში 2019 წლის აგვისტოში ჩავიდა, გაიარა სასაზღვრო კონტროლი, გაემართა ვარშავაში, იქედან კი  ბერლინში. ისინი ირწმუნებიან, რომ ვადიმ ს. რუსეთის რიგითი მოქალაქეა, რომელიც ევროპაში ტურისტული მიზნებით ჩავიდა და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გერმანიის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქილერი  ვადიმ კ. არის და ის პროფესიონალი მკვლელია, რომელიც არა საკუთარი ინიციატივით, არამედ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით მოქმედებდა.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია,  გერმანულმა სასამართლომ, მათ შორის, მოწმეებზე დაყრდნობით დაამტკიცოს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული ქილერი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც  ევროკავშირის ტერიტორიაზე ყალბი საბუთებით შევიდა და ის არ არის რიგითი ტურისტი, ვადიმ სოკოლოვი. ამ საქმის დეტალების გარკვევას და სიმართლის დამტკიცებას გერმანიის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან თვლის, რომ სახელმწიფოს დაკვეთით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა აბსოლუტურად მიუღებელია.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სრულფასოვნად იმის  დადგენა, იყო თუ არა მკვლელობა ორგანიზებული და დაგეგმილი უცხოეთში და იყო თუ არა ეს უცხოური სპეცსამსახურების სპეცოპერაცია. ამ ვერსიის სასარგებლოდ, მტკიცებულებები შეაგროვეს არამხოლოდ ბერლინის და გერმანიის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა. სამხილები აღმოაჩინეს გავლენიანმა გამოცემებმა: Der Spiegel, Bellingcat და The Insider. აქედან გამომდინარე, 2021 წლის მარტში გერმანულ სასამართლოში ჩვენება მისცა Bellingcat-ის წარმომადგენელმაც. მალევე, კრემლმა Bellingcat-ი და მისი რუსულენოვანი პარტნიორი გამოცემა – The Insider-ი „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ, მედიის დევნის ფარგლებში, პუტინის ხელისუფლებამ თითქმის ყველა დამოუკიდებელი რესურსი „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადა და სერიოზული შეზღუდვები დაუწესა. The Insider-ის მთავარ რედაქტორს, რომან დობროხოტოვს რუსეთიდან გაქცევა მოუწია, ის რუსმა სამართალდამცველებმა საშიშ ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბერში პუტინმა, პრესკონფერენციის დროს, ზელიმხან ხანგოშვილს „სისხლიანი მკვლელი“ უწოდა, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ფაქტია, სანამ ხანგოშვილი ცოცხალი იყო, მისი  ოფიციალური ექსტრადიციის მოთხოვნით ბერლინისთვის მოსკოვს არასოდეს მიუმართავს. როგორც ჩანს, ბარბაროსული მმართველობის სტილს მიჩვეულ პუტინს ერჩივნა, პირდაპირ ლიკვიდაციის ბრძანება გაეცა და არა – ცივილური მეთოდებით ემოქმედა. თუმცა, ვინაიდან ყველა სამხილი კრემლის დანაშაულებრივი ბრძანებებით ორგანიზებულ მკვლელობაზე მეტყველებს, არ არის შორი ის დღე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ამ საქმეზეც ოფიციალური მკვლელის სტატუსს მიიღებს.

გიორგი რატიანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები