კოტე ჯანდიერი: რაც უნდა იძახოს ახლა ოპოზიციამ, მასშტაბური გაყალბებაო, თავადაც იციან, რომ მიიღეს იმდენი ხმა, რამდენიც დაიმსახურეს

“მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაღლილია “ოცნების” მმართველობით, გაბრაზებულია, რომ არ გაუმჯობესებულა ხალხის ცხოვრების დონე, არც სიღარიბე შემცირებულა, უამრავი შეცდომა დაუშვეს, ასევე, უამრავი პრობლემით გვიწევს ცხოვრება და ა.შ, მაინც მჯერა, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება”, – ამის შესახებ მწერალმა, კოტე ჯანდიერმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში იმდენი ხმა აიღო, რამდენიც დაიმსახურა.

“ყველაფერი იდენტობით იწყება. ვინ არის თანამედროვე ქართველი?! ამ კითხვაზე საქართველოში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყველაზე ხშირად ასეთ პასუხს გაიგონებთ: ეს არის კაცი, რომლისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას “ენა, მამული, სარწმუნოება”. თუმცა ეს ისე, ალბათ, სიტყვისთვის, თორემ ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, მეეჭვება ბევრს გააზრებული ჰქონდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ტრიადა არც ილიას სიცოცხლეში ყოფილა საყოველთაო კონსენსუსის საგანი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი მარქსისტებისა და სოციალ-დემოკრატებისთვის ადამიანის იდენტობა განისაზღვრებოდა სამი რამით: ღმერთის, არისტოკრატიისა და ტრადიციული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლით, პროლეტარიატის თაყვანისცემით და ნებისმიერ ფასად რევოლუციის მოხდენის მანიაკური აკვიატებით. ვინც ამ იდეალებს არ იზიარებდა, ის მათი გაგებით არც ქართველი იყო და არც ადამიანი. ჰოდა, სწორედ იმ ხალხმა ესროლა ილიას, მათ მოუკლეს ის ქართველ საზოგადოებას. რა შეიცვალა ამდენი წლის შემდეგ? დღეს ჩვენი პოლიტიკური კლასისა და მედიის დიდი ნაწილისთვის ქართველად იწოდება მხოლოდ ის, ვისაც ახასიათებს მკვეთრად გამოხატული რუსოფობია და ულტრალიბერალური რიტორიკა. პატრიოტიზმის საზომი გახდა ის, თუ ვინ უფრო უშვერი სიტყვებით და ხმამაღლა შეაგინებს პუტინს. არადა, ამაში ქვეყნისთვის ხეირი არაფერია, უფრო პირიქით… მაგრამ მათთვის ამას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ტიპები თავიანთ ლეგიტიმაციას საკუთარი ხალხისგან კი არა, თავიანთი დასავლელი ლობისტებისგან ელოდებიან. “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ხომ წამოსცდა კიდეც: “საქართველოს არსებობას დასავლეთისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი ის ღია კონფრონტაციაში იქნება რუსეთთანო”. რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელეა. წარმოუდგენელია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ასე ფიქრობდეს. უბრალოდ, ასეთი ქცევით მათ სურთ ერთგულება დაუმტკიცონ კონკრეტულ მფარველებს, რათა შემდეგ ისინი დაეხმარონ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებაში. არადა, ცხადია, ამას არავითარი კავშირი არა აქვს არც ქვეყნის ინტერესებთან, არც მის უსაფრთხოებასა და არც ხალხის რეალურ გასაჭირთან. არსებობს ქართველი ხალხი და კიდევ არსებობს მოსახლეობის 25-30%, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ებრძვის ამ ხალხის ეროვნულ იდენტობას, კულტურულ სუვერენიტეტს, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს. თუმცა არა უშავს, 1937 წელს ეს პროცენტი გაცილებით დიდი იყო, თანაც მას ზურგს უმაგრებდა საბჭოეთის მრისხანე ძალა, ანუ ბევრად მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ გადავრჩით. ძალზე მძიმე გამოცდილება გვაქვს ახლო წარსულიდან და იმედია, დღეს იმ სისულელეს, რომელიც 90-იანებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩავიდინეთ, აღარ გავიმეორებთ. ახლა ვირტუალური სამოქალაქო ომი მხოლოდ ქართულ ტელეეთერებში მიმდინარეობს, რეალობაში კი ადამიანებს მშვიდი ცხოვრება, ეკონომიკური წინსვლა და რუსეთთან ახალი ომის გარეშე ევროპასთან დაახლოება სურთ, მათ შორის “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობასაც. ასე რომ, არავითარი რევოლუცია არ იქნება. ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია გამოიწვიოს რევოლუცია საქართველოში, ეს არის დასავლეთი. თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ელჩები და ანალიტიკოსები ხვდებიან, რომ მეორე რევოლუცია ამ ქვეყანაში უკვე აღარც ვარდებისა იქნება და აღარც უსისხლო, ხოლო თბილისიდან ორმოც კილომეტრში მდგარი რუსული ტანკების გათვალისწინებით, არც ამ რევოლუციის შედეგი იქნება ადვილად პროგნოზირებადი.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაღლილია “ოცნების” მმართველობით, გაბრაზებულია, რომ არ აღდგა სამართლიანობა, სასამართლოებში ყოვლად სამარცხვინო მოსამართლეთა შემადგენლობა არ შეიცვალა, არ გაუმჯობესებულა ხალხის ცხოვრების დონე, არც სიღარიბე შემცირებულა, უამრავი შეცდომა დაუშვეს, ასევე უამრავი პრობლემით გვიწევს ცხოვრება და ა.შ, მაინც მჯერა, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, ვერც არჩევნებით და ვერც რევოლუციით. რევოლუციას რაღაც რადიკალური სიახლე უნდა მოჰქონდეს, რათა მას მიემხროს ხალხი, ესენი კი მიშას, ახალაიასა და მეგის ქარდავას ციხიდან გამოშვების, რევანშისა და ერთხელ უკვე დამყარებული ტერორის გამეორების გარდა, არაფერზე ფიქრობენ და რაც მთავარია, მათ გეგმებშიც არ იკითხება სხვა რამ. ის, რაც მოხდა 2012 წელს, სრულიად ლოგიკური იყო – ვარდებით მოსულმა და პოლიტიკურ პარტიად წოდებულმა გავეშებულმა დაჯგუფებამ, ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ სამარცხვინოდ ცოცხებით და ქვების სროლით დაასრულა ცხრაწლიანი “მოღვაწეობა”. ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა. ეს ახსოვს მოსახლეობას. ჰოდა, ბოლშევიზმსა და კანიბალიზმს ისტორიამ განაჩენი გამოუტანა. “ნაცმოძრაობას”, როგორც უნდა ეცადოს, ისტორიული პერსპექტივა არა აქვს. ეს არის რეალობა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათთან ერთად არც ქვეყანას ექნება პერსპექტივა, თუ ქართველმა ხალხმა მთელ ამ კოშმარს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი არ დაუსვა… მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს, მით უფრო, ამ გუნდისგან არავინ დაიჯერებს მშვიდობიან რევოლუციას, რადგან გვახსოვს მათი კანიბალისტური ქმედებები… რაც შეეხება აქციებს, აღარ უნდა ხალხს რევოლუცია, “ნაციონალების” მხარდამჭერებსაც კი. ჯერ ერთი, დაიღალნენ მუდმივი დაძაბულობითა და აურზაურით. “ოცნებას” იმიტომ არ მისცეს ხმა, რომ იმედგაცრუებული იყვნენ მასზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადიკალური ნაბიჯებისთვის არიან მზად. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ქართველ ამომრჩეველს ეს სპექტაკლი უკვე ნანახი აქვს.

რაც უნდა იძახოს ახლა ოპოზიციამ, მასშტაბური გაყალბებაო, თავადაც იციან, რომ მიიღეს იმდენი ხმა, რამდენიც დაიმსახურეს. ასე რომ, ერთი-ორი ხალხმრავალი აქცია შეიძლება გამართონ, მაგრამ გია ბარამიძე რომ გაიძახის, მშვიდობიანი რევოლუციაო, როგორც კი ხალხი დაინახავს, რომ პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავთ, მაშინვე დაიფანტება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეობრივად გავიზარდეთ, ასე რომ იყოს, მოძალადე პარტიის ლიდერი მელია 44%-ს ვერ აიღებდა. ის, რომ ხალხის დიდი ნაწილი ოპოზიციას არ გაჰყვება, არ ნიშნავს, რომ საზოგადოების სამოქალაქო შეგნება გაიზარდა, მაგრამ გრძნობენ, რომ რევოლუციის, ჯანჯღარის შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და ეშინიათ. განვითარებული ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში ასეთ ძალას, რაც მიიღო, იმ მხარდაჭერის მეათედიც არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენთან ხომ ვიცით, რაც მოხდა – მათი ამხელა მხარდაჭერა და ასეთი მაღალი პროცენტი “ოცნების” შეუსრულებელმა დაპირებებმა, მცდარმა საკადრო პოლიტიკამ, განსაკუთრებით ჩავარდნილმა სასამართლო პროცესებმა განაპირობა. მურუსიძესა და ჩინჩალაძეს გადააყოლეს თავიანთი რეიტინგი”, – აცხადებს ჯანდიერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები