ლილუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე: ჩანაწერის ფიგურანტებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა

ჩანაწერის ფიგურანტებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ უწყებაში დაწყებულ გამოძიებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ ვარაუდი არსებობს და საგამოძიებო მოქმედებებით დეტალების გამორკვევის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტული პასუხების გაცემა.

„ეს არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისათვის. თავისთავად, ამან შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. მოქალაქეებს, ვინც შეიძლება ნებსით ან უნებლიეთ, მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, ჩვენ ამით მივაწოდეთ ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლას და ა.შ., მათ შორის არ გამოირიცხებოდა არც სისხლისღვრა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩანაწერის ფიგურანტებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა. ველოდებით მათ დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საუბრის შინაარსი შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს, თუმცა ეს არის ვარაუდი, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება, უნდა გამოვკითხოთ მოწმეები და შემდეგ შევძლებთ უფრო დადასტურებულად საუბარს. გარდა ამისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რათა პატიმრის ეტაპირებისას გათვალისწინებული ყოფილიყო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები