საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქართული რეფორმები რეგიონისთვის წარმატების მაგალითად კიდევ ერთხელ აღიარა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონალური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება პრობლემების მქონე, ვალაუვალი ფირმების რესტრუქტურიზაციისა და მხარდაჭერის საკითხებს დაუთმო, ხოლო პრობლემური ფირმების რესტრუქტურიზაციის ქართული რეფორმა რეგიონისთვის მისაბაძ და წარმატების ნიმუშად დაასახელა.
სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ზოგიერთმა ქვეყანამ გააუმჯობესა გადახდისუუნარობის რეგულაციები, თუმცა, ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ „პოლიტიკის შემქმნელებმა კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ და ხელი შეუწყონ სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ პრობლემების მქონე ფირმების რესტრუქტურიზაციას და არაეფექტური ფირმების ლიკვიდაციას“.
სავალუტო ფონდის თვალთახედვით, „რეგიონში საჭიროა ასევე გატარდეს რეფორმები პროცედურების გასამარტივებლად, ასევე სასამართლოებისა და გადახდისუუნარობის ადმინისტრატორების ექსპერტიზისა და შესაძლებლობების გასაზრდელად და რეორგანიზაციის პროცესის გასაუმჯობესებლად“.
ფონდი მიიჩნევს, რომ „უნდა მოხდეს ინვესტორების სტიმულირება, რათა პრობლემურ ფირმებს მიაწოდონ კაპიტალი, რაც საშუალებას მისცემს გადახდისუუნარო მოვალეებსა და მათ კრედიტორებს, სასამართლოს გარეშე დადონ შეთანხმებები“ ასევე უნდა განხორციელდეს სათანადო რესტრუქტურიზაციის მექანიზმების დანერგვა „მაგალითად – ჰიბრიდული რესტრუქტურიზაცია, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოში“.
სავალუტო ფონდის შეფასებით, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემუშავებული რესტრუქტურიზაციის მექანიზმები რეგიონში „ხელს შეუწყობს მათი მაჩვენებლის გაუმჯობესებასა და კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე საჭიროა რეფორმები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის პროცედურული სირთულისა და სასამართლო წარმოების გასამარტივებლად.“ (გვ 44)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან საქართველოს, როგორც რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად დასახელება, ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ მოხდა. 2019 წელს, ფონდმა საქართველოს ფისკალური რეფორმა წარმატების მისაბაძ მაგალითად აღიარა შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ანგარიშში, სადაც “ქეის სთადის” სახით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები იყო წარმოდგენილი (გვ47-58).
IMF-ის შეფასებით, საქართველოს მაგალითი მნიშვნელოვანი იყო ქვეყნებისთვის, რომელთაც გადასახადების ადმინისტრირების კუთხით, წლიდან წლამდე პრობლემები ექმნებოდათ.
„საქართველომ ქვეყნის ფისკალური სექტორის მდგრადობის გასაზრდელად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა: გააუმჯობესა ბიზნეს კლიმატი, შეამცირა კორუფცია და გაზარდა ფისკალური ინსტიტუტების მდგრადობა. აღნიშნულმა რეფორმებმა უზრუნველყო ფისკალური შედეგების გაუმჯობესება.
საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები საჯარო სექტორისა და ფისკალური ინსტიტუტების გასამყარებლად. მთავრობამ მიიღო ზომები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს პროცესი შედგებოდა (1) ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებით, რამაც გამოიწვია საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება საბიუჯეტო კანონმდებლობის კონსოლიდაციით, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის უნიფიკაციით, ბიუჯეტის დამტკიცებისა და აღსრულების პროცესის დაჩქარებით და პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვით; (2) შემუშავდა ფისკალური წესები; (3) გამარტივდა საგადასახადო სისტემა, გაუმჯობესდა საგადასახადო ადმინისტრირება, დაინერგა ელექტრონული საგადასახადო სერვისები და ელექტრონული ტენდერები. (4) გაუმჯობესდა ფისკალური რისკების მოცვის, ანალიზისა და რეპორტინგის ხარისხი“, – ნათქვამია რეგიონულ მიმოხილვაში.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული 2012 წლის შემდეგ მიღწეულ გაუმჯობესებაზე „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ ასევე 2015-2017 წლებში მიღწეულ შედეგებზე „ღია ბიუჯეტის ინდექსისა“ და საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის მიმართულებით.
გამოცემაში ასახული გრაფიკები მიუთითებს, რომ საქართველო, მიღწეული პროგრესის მიხედვით, აღნიშნულ წლებში უპირობო ლიდერია რეგიონში.