ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ უკრაინა-ნატო-ს და საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორისი საბჭოების და ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ერთობლივ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული უკრაინა-ნატო-ს და საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორისი საბჭოების და ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრის მთავარი საკითხები იყო: უკრაინისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რუსეთის ფედერაციის მიერ ორი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრესიული ჰიბრიდული ქმედებები და შავი ზღვის უსაფრთხოება.
პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია.
შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრისას, ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციაზე და ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევაზე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, კიბერშეტევებზე და გაზრდილ რუსულ სამხედრო წარმომადგენლობაზე შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ალიანსის გაფართოვების, საქართველოსა და უკრაინის გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე, შავ ზღვაზე რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების შეკავების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაზე, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდაზე და შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვან ათვისებაზე.
ღონისძიების დასასრულს, ქართული და უკრაინული დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. ოდესაში გამართულ შეხვედრაში უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, შავი ზღვის აუზის ქვეყნების დელეგაციები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ. ქართული საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია და დავით ბაქრაძე.