საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროგრამა იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციითა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის პრევენციის სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში – ქრისტიან შოენენბერგერმა, აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის (VEBO), არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.
ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემცირება.
პროგრამა ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ, „აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციასთან“ (VEBO) თანამშრომლობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით.