კახა გოგოლაშვილი: პოლიტიკაში რა საჭიროა შერიგება? უბრალოდ, პოლიტიკურმა ძალებმა რიტორიკა უნდა შეცვალონ

“ფაქტია, ოპოზიცია კოალიციის შექმნაზე წავიდა. როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობამ” გააცნობიერა, რომ თბილისში “ოცნების” დასამარცხებლად მას რესურსი არ აქვს, 10%-იანი განსხვავება იყო და სხვა ოპოზიციური ძალების დახმარება სჭირდება”, – ამის შესახებ ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აცხადებს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, გოგოლაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ახლა ძალზე ერთფეროვანია და რამდენიმე ადამიანზე დგას.

“ფაქტია, ოპოზიცია კოალიციის შექმნაზე წავიდა. როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობამ” გააცნობიერა, რომ თბილისში “ოცნების” დასამარცხებლად მას რესურსი არ აქვს, 10%-იანი განსხვავება იყო და სხვა ოპოზიციური ძალების დახმარება სჭირდება. დანარჩენი პარტიების მხარდამჭერებისთვის, მაგალითად, “ლელოს” ამომრჩევლისთვის, სიტყვიერად რომ მოეწოდებინათ, მელიას მიეცით ხმაო, შეიძლება, არც არავის მიეცა… ამიტომ შეეცადნენ 100%-ით მობილიზებას, ცდილობენ – მელიას გარშემო გააერთიანონ სხვებიც. თუ ეს მელიას გეგმაა, გონივრულია და გამოდის, მეორე ტურისთვის შეიცვალა, ვინაიდან მანამდე მისი მოწოდებები და ქმედებები, პირიქით, ოპოზიციის დესტრუქციისკენ იყო მიმართული. ეს გამოიხატება თუნდაც მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებულ მის პოზიციაში, როდესაც ხელი არ მოაწერეს.

სამწუხაროდ, “ნაციონალები” ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე დიდი ძალაა. სხვებმა ვერ შეძლეს მათი ნიშის დაკავება. ხაზარაძეზე რომ ამბობენ, რამდენიმე მილიონის მფლობელი ადამიანი მელიას მოადგილე რად უნდა იყოსო, ეს მხოლოდ მელიას ლამაზი თვალების გამო არ იქნება. ეტყობა, რაღაც გარანტიები მიიღო, რომ გამარჯვების შემთხვევაში მეორეხარისხოვანი ფიგურა არ იქნება და გადაწყვეტილებებს გუნდურად მიიღებენ. მის პოზიციას სხვა ახსნა არა აქვს. სააკაშვილის მოადგილეობა მონობა იქნებოდა. მელიასთან, ალბათ, ასე არ იქნება. მას თავისი სიტყვა უნდა ეთქმოდეს. თუ ასე არ იქნება, ეს კოალიციაც დაიშლება. ისე კი მეფის დროინდელ თბილისში ტრადიციულად ქალაქის თავები მაგნატები და მდიდარი ადამიანები იყვნენ, ხშირად სომეხი მაგნატებიც… ასე რომ, ასეთი მერები და ვიცემერები არ უკვირს თბილისს. სხვა საქმეა როგორ წაადგება. ასეა თუ ისე, “ლელოსაც” და “ნაციონალებსაც” ვიღაცამ აუხსნა, რომ კოალიციაშია მათი ხსნა. სააკაშვილზე ამას ვერ ვიფიქრებ, იმიტომ, რომ ის ყველგან პირველი უნდა იყოს და ვინც არ ექვემდებარება, მის კოალიციაში ვერ მოხვდება. თუ მას ის უპირატესობები ექნებოდა, დიდი სიამოვნებით წაართმევდა და პარტიის ლიდერობასაც თავად გააგრძელებდა. ეს აზრები, ალბათ, ახლაც აწუხებს, მეტიც, მგონი, მისი ავანტიურისტული ქმედებაც ამას ემსახურება. ეტყობა, მართლა დაიჯერა, რომ ოპოზიცია არჩევნებს იგებს და არ სურდა იმ მომენტის გამოტოვება, როდესაც გამარჯვება მის დაბრუნებას “დაჰბრალდებოდა” და აუცილებლად გამოიყენებდა ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად. თუ კოალიცია გუნდურად არ იმუშავებს, სტაბილურობა გამორიცხულია. ახლა განზრახული აქვთ ყველას აზრი გაითვალისწინონ, მაგრამ საქართველოში მსგავსი განზრახვები არ ამართლებს. თუ მელიამ ხასიათი გამოაჩინა და “კამანდრობა” დაიწყო, შეიძლება ისევ დაიქსაქსონ. ალბათ, მელია გააცნობიერებს, რომ ის სააკაშვილი არ არის, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი და ქარიზმა ჰქონდა და არც ივანიშვილი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდი ფინანსური რესურსით შემოვიდა და საკმაოდ გამჭრიახია. მელიას არცერთი ეს რესურსი არ აქვს, ამიტომ, მისთვის კოალიცია ერთადერთი მაშველი რგოლია. ადრე მელია ერთი-ერთში ჰბაძავდა სააკაშვილს, თუ ასე გააგრძელა, დამარცხდება, რადგან მიშა ვერასდროს გახდება. ის ჯერ ვიღაცების დახმარებით მიაღწევდა რაღაც შედეგებს და შემდეგ მათ იშორებდა. ამიტომაც აღმოჩნდა ამ რეალობაში. ის კი არა, თავის დროზე ივანიშვილიც კოალიციით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ბევრი გაყარა და პოლიტიკურად ახლა მასაც უჭირს. “ოცნება” ახლა ძალზე ერთფეროვანია და რამდენიმე ადამიანზე დგას. ალბათ, მთელ რესურსს გამოიყენებენ, რათა თბილისში გაიმარჯვონ. ამიტომ ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება. შესაძლოა კოალიციად გაერთიანების მიუხედავად, მაინც ვერ გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რადგან მოსახლეობას მსგავსი გაერთიანებების არ სჯერა. ზუგდიდში, ვფიქრობ, გადაწყვეტილია “ნაციონალების” გამარჯვება, ბათუმშიც აქვს შანსი”,- აცხადებს გოგოლაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, “ოპოზიციამ “დიდი შერიგება” დააანონსა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს?”, – რესპონდენტი პასუხობს:

“ძალიან უცნაური, პოლიტიკურ კონტექსტს აცდენილი განცხადება იყო. რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი, საომარი კონფლიქტი იყო? პოლიტიკური ძალები, მმართველი გუნდი და ოპოზიცია, ერთმანეთის ოპონენტები უნდა იყვნენ. პოლიტიკაში რა საჭიროა შერიგება? უბრალოდ, პოლიტიკურმა ძალებმა რიტორიკა უნდა შეცვალონ. კრიტიკა პირადი შეურაცხყოფის, სარკაზმის გარეშეც შეიძლება. საზოგადოება უყურებს პოლიტიკურ ელიტას, ესენი კი ცეცხლს უნთებენ ერთმანეთს და ეს განწყობა ხალხზეც ვრცელდება. ზოგჯერ ხალხი მზად არის ერთმანეთს ესროლოს… არავითარი მასობრივი ღონისძიებები, ცრემლები და ჩახუტებები არ არის საჭირო. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ არც იქნება… პოლიტიკური ბრძოლის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერ მედიასაც, რომელმაც უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და შეიგნოს, რომ სამოქალაქო საზოგადოების განწყობაზე გავლენა აქვს. ზოგიერთი მედია კი სრულიად გაცდენილია ობიექტური და ცივილიზებული ჟურნალისტიკის ჩარჩოებს. დიახ, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ მათ გამოსვლაში იგრძნობა ჩაქოლვისკენ მოწოდება, ზოგჯერ პირდაპირაც. ეს არ არის ჟურნალისტიკა. პოლიტიკური სიმპათია შეიძლება, გქონდეს, მაგრამ რასაც ზოგიერთი მედია აკეთებს, ამაზრზენია”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის დასუსტება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გარდაუვალია.

“ბოლო დროს გახარია ძალიან საინტერესო ფიგურად გამოიკვეთა. ის გრძელვადიან გათვლაზე აკეთებს აქცენტს, რათა საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგი ჰქონდეს. თუმცა ადგილობრივშიც კარგი მხარდაჭერით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, გახარია მაინც ვერ გახდება ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, ვინაიდან ის, ვინც პოლიტიკაში მოკავშირეებს არ ეძებს, ამ პოლიტიკურ პირობებში ძალიან გაუჭირდება. ბოლოს და ბოლოს, “ოცნებას” გაუჭირდა, ვინაიდან მთელი ოპოზიციური სპექტრი მას დაუპირისპირდა. ასეთ დროს გახარია განზე გადგა – მე არავინ მჭირდება და ჩვენი გზა გვაქვსო. ქართულ პოლიტიკაში ცალკე მდგომი კაცის გზა გამარჯვება ვერ იქნება. აუცილებლად დასჭირდება პარტნიორები, რასაც ვერ და არ გააკეთებს – “ოცნებასთან” გზა მოჭრილი აქვს, “ნაციონალებსა” და მის გარშემო შეკრებილ ძალებთანაც თავად დაწვა ხიდები. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” დასუსტდა, შანსი აქვს პარლამენტში წარადგინოს თავისი ძალა, ფრაქციაც კი შექმნას. რაც მეტად დასუსტდება “ოცნება”, მით მეტი ხალხი გადავა მის ბანაკში. მმართველი გუნდის დასუსტება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გარდაუვალია, რადგან არ ხდება განახლება, ჯანსაღი კონკურენცია აღარ არის, შიდა პოლიტელიტა გაჩნდა, რომელსაც პარტია “უჭირავს”. კობახიძე და მისი რანგის პოლიტიკოსები ხალხს ყელში ამოუვიდა, მით უფრო, რომ რიტორიკას არ ცვლის, უხეშ შედარებებსა და “სისხლიან ცხრა წელს” არ ეშვება. “ოცნება” ამით თავის შეცდომებს ვერ გაამართლებს. კალაძეც კი, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და თითქოს ბევრად გაწონასწორებული ჩანდა, კობახიძის სტილზე გადავიდა, რაც ძალიან საწყენია. ის კამპანია, რომელსაც გახარიას წინააღმდეგ აწარმოებდნენ, შეცდომა იყო. იმიტომ კი არ დაკარგეს ხმები, რომ გახარიამ უღალატა, თავად გამოაცხადეს მტრად იმის გამო, რომ პარტიიდან წავიდა, თავისი შექმნა. ანუ ხალხმა დაინახა, როგორც კი “ოცნებიდან” ერთ ნაბიჯს გადადგამ, ზიზღის ობიექტი ხდები. გადაცდომები ახასიათებს ღარიბაშვილსაც, განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე – ევროპარლამენტარებზე თქვა, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, მათი ჩარევა უადგილოაო. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვაქვს დადებული და სრული უფლება აქვთ შენიშვნა მოგვცენ. თუ ჩვენი ხელისუფლება ასე გააგრძელებს, პარტნიორები ქვეყანას კი არ მიატოვებენ, ოპოზიციის მხარდაჭერაზე გადაერთვებიან”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები