თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ენმ-ს კანდიდატს პროვოკაციაში ადანაშაულებს
თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის დახმარებით, რადიკალური ოპოზიციის აგიტატორებმა ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის საცხოვრებელ ჭიშკრებზე განათავსეს.
კალმახელიძე აცხადებს, რომ ამ ქმედების მიზანია მმართველი პარტიის დისკრედიტაცია. „ნაცმოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ამ სიებს, რომელსაც ამომრჩევლის დაბადების თარიღთან ერთად თან ახლავს ფოტო, მხოლოდ კანდიდატის მიმართვის შემდეგ გზავნის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამიტომ კალმახელიძე ფიქრობს, რომ გიორგი ბოტკოველმა უნიჭო სპექტაკლი გაითამაშა, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.
თელავის შტაბის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლევან ანდრიაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია, ამიტომ მისივე თქმით, ბოტკოველის მხრიდან ანდრიაშვილის მისამართით ნებისმიერი ანტიპიარი მათი მხარდაჭერების კიდევ უფრო მეტ მობილიზებას ნიშნავს.