ანა რეხვიაშვილი: თანამედროვე ქართველი მწერლების მისია და როლი ბევრად დიდია და მნიშვნელოვანი, ვიდრე პოლიტიკოსების

ანა რეხვიაშვილი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი, რამდენიმე თვეა, შემოქმედებითი მივლინებით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მივლინების ფორმატი ვრცელია. იმართება ვორკშოფები პოდიუმ შეხვედრები ნიუ-იორკში და ვაშინგტონში.

რეხვიაშვილი შემოქმედებითი მივლინების ფარგლებში ახალ რომანს – „Manhattan Apt 5F – აქ ამერიკაში” ფართი საზოგადოების და მედიის წინაშე წარადგენს.

ამასთან, დაგეგმილი აქვს, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და სხვა ქალაქებში რომანი მიაწოდოს ცნობილ სცენარისტებს, დოკუმენტური და მხატვრული ფილმებისთვის, გაიმართოს ფოტოგამოფენა და პოდიუმ დისკუსიები.

მწერალი ასევე ახალ რომანზე და უახლოეს გეგმებზე საუბრობს…

„ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი ნიუ-იორკში. ადრე, ოფიციალური ვიზიტებით ჩამოვდიოდი აქ და სხვადასხვა დროს, შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში ატლანტიკურ საბჭოში – ვაშინგტონში კოლუმბიის უნივერსიტეტში, გაერო-ში. ქართულ დიასპორასაც ბევრჯერ შევხვედრივარ ნიუ-იორკში, მაგრამ ეს ვიზიტი გამორჩეულია. სხვა განცდა მაქვს, რადგან ამჯერად საქართველოსთვის ურთულეს დროს მომიწია შემოქმედებით მივლინებაში გამომგზავრება, რომელსაც თავისი დღის წესრიგი, ვადები და რეჟიმი აქვს.

ახლანდელი ემოციების ფონზე გაჩნდა ახალი რომანის სახელწოდებაც – „Manhattan Apt 5 F – აქ ამერიკაში”. ეს რომანი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა. ეს იქნება წიგნი კონკრეტული ისტორიული ეპოქის და ისტორიული კონტექსტების შესახებ. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ნაწარმოები ემიგრანტებზე, ადამიანებზე, რომლებიც საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა მიზეზით ჩამოვიდნენ ამერიკაში. ეს იქნება თავისუფლებისკენ სწრაფვის შესახებ წიგნი.

ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა კითხვას: – რა მიიღეს ქართველებმა, ამ ქვეყნისგან, რომელსაც განუზომელი შესაძლებლობები აქვს და რა მისცეს ქართველებმა ამერიკას. რაში გამოადგნენ ისინი აქაურობას.

მინდა, რომ ეს წიგნი იყოს ერთგვარი მოტივაცია ნებისმიერი ეროვნების და ასაკის მკითხველისთვის, ვინც იბრძვის მიზნის მისაღწევად, არ ნებდება სირთულეებს, წინაღობებს, ნებისმიერ ასაკში ახლიდან იწყებს და გეგმავს ცხოვრებას.

რაც მთავარია, მინდა, აქედან დანახული საქართველო და ქართველები თქვენც დაგანახოთ. მერწმუნეთ, აქედან, ნიუ-იორკის გულიდან, სხვადასხვა რაკურსით და სხვანაირად ჩანს საქართველო. ეს იქნება დოკუმენტური პროზა, რომელიც ნაწილობრივ, საქართველოში მიმდინარე ქარტეხილებსაც მოიცავს.

ვფიქრობ, თანამედროვე ქართველი მწერლების მისია და როლი ბევრად დიდია და მნიშვნელოვანი ვიდრე პოლიტიკოსებისა. ნებისმიერ ქვეყანაში, მწერლის სიტყვა საზოგადოებისთვის ყველაზე ავტორიტეტული და ანგარიშგასაწევია. ამიტომ, ქართველი მწერლები უნდა შეხვდნენ საკუთარ მკითხველს ემიგრაციაში – აქაც და ყველგან, სადაც კი საჭიროა ეს მათ გასამხნევებლად, სულიერი ძალების მოსაკრებად, ფიზიკური შესაძლებლობების გადატვირთვისთვის. უნდა დაიწყოს მუშაობა ამერიკელი და ქართველი ცნობილი მწერლების ანთოლოგიაზე, ინგლისურ და ქართულ ენებზე”, – აღნიშნავს ანა რეხვიაშვილი.

ახალგაზრდა ქართველი მწერალი ავტორია პოპულარული რომანის „F 63.9″. ეს წიგნი გამოსვლისთანავე შეფასდა, როგორც ლიტერატურული აღმოჩენა. მანამდე კი ძალიან საინტერესო ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორი იყო.

ამ ქალბატონის შემოქმედება თავის დროზე, არაჩვეულებრივმა ქართველმა მწერალმა, თეონა დოლენჯაშვილმა წარუდგინა მკითხველს და მედიას, ზოგადად საზოგადოებას. ანას ლექსებზე ცნობილი რომანსები შექმნა კომპოზიტორმა ლილი ნემსაძემ. ეს სიმღერები ბევრი ცნობილი მომღერლის რეპერტუარშია.

ანა არის ლიტერატურული კონკურსების ჟიურის წევრი. საბავშვო ლიტერატურული ჟურნალ „დილას” ლიტერატურული რედაქტორი და კომპოზიტორ ლილი ნემსაძის საბავშვო მიუზიკლის „ცამდე შვიდი საფეხურია” – ლიბრეტოს ავტორი. მრავალწლიანი საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე იყო არაერთი ინტერნაციონალური კონკურსის ჟიურის წევრი.

სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო პროექტების და ღონისძიებების ავტორი და ინიციატორი. დაჯილდოებულია საერთაშორისო და ეროვნული დიპლომებით. მათ შორის განსაკუთრებულია საერთაშორისო დიპლომი და ლაურეატის წოდება – „წარჩინებული მწერალი ქალი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები