რატი ბრეგაძე: სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და უფლებრივ მდგომარეობასთნ დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და, შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს.
,,უნდა ითქვას ისიც, რომ ექიმების მიერ გაწეული ყველა რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, ბუნებრივია, მსჯავრდებულის თანხმობით. მეტიც, მისი აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და, შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს”, – განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, უწყების მთავარი მიზანია, მიხეილ სააკაშვილის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური.
„რაც შეეხება როგორც მის პირად ექიმს, ისე სხვა ექიმებს, ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრისა, იყოს სტაბილური. სწორედ ამ მიზნით ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვაყალიბეთ კონსილიუმი და დაგვეხმარა ჯანდაცვის სამინისტრო. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ექიმებთან, რომლებიც არიან ამ კონსილიუმის მონაწილეები. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ძირითადი მიგნებები და გაგვიწიეს გარკვეული რეკომენდაციები”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.