პროკურატურამ სოფელ გურჯაანში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ა.ზ.-ს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 19 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მკვლელობა განიზრახა. მან საკუთარი სახლიდან აიღო გლუვლულიანი სანადირო თოფი და გ.ზ.-ს და მის მეუღლეს დამიზნებით ესროლა. მ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საავადმყოფოში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.