თბილისში მოკლულ ანასტასია შატალოვას უფლებადამცველი, პაატა შავაძე საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს და იმ ჩვენებას ასაჯაროებს, სადაც მოკლული ქალი ბათუმის ყოფილი ვიცემერის მხრიდან ლიკვიდაციის მუქარაზე საუბრობს.
ჩვენების თანახმად, ზურა ბერიძე შატალოვას ე.წ ქილერის დაქირავებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
“ბავშვის მამა გახლავთ ბრალდებული ნატალია შატალოვასა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, ასევე, მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ბავშვი დარჩეს მამას. იყო მუქარა მის მიმართ ე.წ. ქილერის დაქირავების, რომ გადააგდებდნენ ფანჯრიდან და მის გვამს თხრილში თუ რაღაც არხში იპოვიდნენ”, – ამბობს პაატა შავაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის განკარგვის საკითხზე. შავაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ, ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.
პაატა შავაძე ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.