დანიაში ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრა მაია ბითაძის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე დანიაში იმყოფება, სადაც ქალაქ ორჰუსში გამართულ, „ორჰუსის კონვენციის” მხარეთა შეხვედრის სამუშაო ჯგუფის მე-7 სესიას თავმჯდომარეობს.

პარლამენტის ინფორმაციით, კონვენცია, რომელსაც საქართველო 2001 წლიდან შეუერთდა, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებაზე წვდომას ითვალისწინებს.

მხარეთა შეხვედრას, როგორც ორჰუსის კონვენციის უმაღლესი ორგანო, ზედამხედველობას უწევს ორჰუსის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას. მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარის პოზიციას 2015 წლიდან იკავებს, 2017 წელს ის ამ პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს. კოვიდ19 -ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო სესია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები