მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ზურაბ ფაღავამ საპატიმროში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, მას აქვს კიდევ გვერდითი, სხვა დაავადებები და გართულებების რისკი საკმარისად მაღალია, ამიტომ დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. უკვე დავწერეთ ეს ყველაფერი და რეკომენდაციები მივეცით. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ უახლოეს პერიოდში ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.
გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.