2017 წელს ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა – რუსულად მოსაუბრე სამხედროებმა ჩაქუჩით ნაცემ მამაკაცს თავი და ხელები მოაჭრეს, ფეხებით დაკიდეს, შემდეგ კი ბენზინი მიასხეს და დაწვეს.
შეიარაღებულმა და სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ეს ყველაფერი სიმღერ-სიმღერით გააკეთეს, იცინოდნენ, თან ვიდეოსა და ფოტოებს იღებდნენ. ფოტოების გადაღებისას თავისი სახეებიც კი არ დაუმალავთ. მოგვიანებით, არაბულმა მედიამ გაარკვია, რომ ადამიანი, რომელსაც რუსი ჯარისკაცები ასე სასტიკად გაუსწორდნენ, სირიელი მუჰამედ ელისმაილი იყო, ხოლო შემთხვევა სირიის ერთ-ერთი პროვინციაში მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ჯალათები რუსული არაფორმალური სამხედრო ფორმირების – „ვაგნერის“ მებრძოლები არიან, რომლებიც 2016-2017 წლებში სირიაში იბრძოდნენ. Фонтанка-ს ინფორმაციით, მომხდარში მონაწილეობა 6-მა შეიარაღებულმა რუსმა მიიღო. გამოცემებმა: Новая газета, Фонтанка და Настоящее время ზოგიერთი მათგანის ვინაობაც დაადგინეს. არსებული ვიდეოკადრების საფუძველზე, ჟურნალისტებმა მიაკვლიეს პიროვნებას, რომელიც ამ კადრებში ფიგურირებს და ის რუსეთის მოქალაქე, 30 წლის სტანისლავ დიჩკოა, რომელიც „ვაგნერს“ 2016 წელს შეუერთდა.
მალევე, Новая газета-მ სირიელი მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყება მოითხოვა, რადგან, რუსეთის კანონმდებლობით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიწყოს რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყველა საჭირო ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ოფიციალურად გადაეცა, საგამოძიებო კომიტეტმა ამ ფაქტის გამოძიება მაშინ არ დაიწყო. თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხი, ფაქტობრივად, ცნობილია – ვლადიმერ პუტინი წლებია, აცხადებს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს, რუსეთის მოქალაქეები სხვა ქვეყნებში არ ომობენ, კრემლი არავის არსად არ აგზავნის. თუმცა, უამრავი მტკიცებულებით დასტურდება, რომ კერძო კომპანია „ვაგნერი“, რომლის მებრძოლები ადამიანებს აწამებენ, ვლადიმერ პუტინის „მზარეულად“ წოდებულ ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. „ვაგნერის“ ბოევიკები იბრძვიან არა მხოლოდ სირიაში, არამედ – ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ლიბიასა და ცარ-ში. არა და, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა და საქმიანობა აკრძალულია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სირიაში 2017 წელს მომხდარი სასტიკი დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ნაწამები მუჰამედ ელისმაილის ოჯახმა მიმართა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ კი გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომიტეტი უკვე ოჯახისა და ადვოკატების განცხადებასაც უკეთებს იგნორირებას. იმ ადამიანის ოჯახი, რომელსაც „ვაგნერის“ მებრძოლები ასე არაადამიანურად მოექცნენ, დანაშაულის გამოძიებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. მოკლული სირიელის ძმას უბრალოდ უნდა, რომ დაისაჯონ ადამიანები, რომლებმაც მისი ძმა აწამეს და დაწვეს.
ამ ოჯახმა, რუსი ადვოკატებისა და „მემორიალის“ დახმარებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს 2021 წლის 11 მარტს მიმართა. ითხოვდნენ, გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე დაწყებულიყო. იურისტებმა ჯერ კიდევ 2021 წლის 26 მარტს ოფიციალურად მოითხოვეს პასუხი ამ განცხადების ბედის შესახებ, თუმცა, მათ ამაზეც არ გასცეს პასუხი. ამის შემდეგ, მათ საგამოძიებო კომიტეტის უმოქმედობის თაობაზე რამდენიმე საჩივრით სასამართლოს მიმართეს. ახლა სასამართლოც დუმს. ადვოკატი ილია ნოვიკოვი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომიტეტს არაფრით არ უნდა, „ვაგნერელების“ დანაშაულებების შესახებ მტკიცებულებები იპოვოს, ხოლო სასამართლო, რომელშიც არაერთი საჩივარია შესული, საქმის განხილვას თავს არიდებს.
რუსეთის ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ სირიელებს თუ სხვა ხალხებს „მეგობრულად“ ეხმარება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავს. თუმცა, მუჰამედ ელისმაილის სასტიკი მკვლელობა და შემდეგ ამ დანაშაულის არგამოძიება „მეგობრების“ მიმართ კრემლის რეალურ დამოკიდებულებას ზუსტად ასახავს.
სოფო ხომერიკი