ნათია თურნავა: მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ანაკლიის პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა
“მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ამ პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ოპერირებადი პორტი უნდა ჰქონოდა.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო კონსულტანტები მოვიწვიეთ, რომლებიც ცნობილნი არიან საზღვაო სფეროში, ასევე, საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სანდო კვლევებით. მათ ჩვენთვის, პრაქტიკულად, ეს პროექტი განაახლეს და საინვესტიციო შეთავაზების განახლებული სტრუქტურა წარმოადგინეს, სადაც მთავრობის მონაწილეობა შეიძლება, უფრო მეტად წონადი იყოს და ეს პროექტი უფრო მიმზიდველი გავხადოთ ამ თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო ინვესტორებს ვეკონტაქტოთ. პროექტი არის კომპლექსური. გეთანხმებით, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ამ პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამდენი წელია, ვერ განხორციელდა. ახლა ჩვენ დღეს ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა და, ამის მაგივრად, ჯერ კიდევ პროექტი გვაქვს. მეორე მხრივ, ამაში დადებითსაც ვხედავ იმიტომ, რომ უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს“, – განაცხადა თურნავამ.