უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო: მხოლოდ მიშას პრეზიდენტობის დროს იკრიბებოდნენ ამ რაოდენობის ადამიანები აქციებზე

უკრაინას რადას დეპუტატი, ლიზა იასკო აცხადებს, რომ გუშინ “ნაცმოძრაობის” აქციას მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა ესწრებოდა.

ამის შესახებ იასკომ Currenttime-ის ეთერში თქვა.

“დღეს უნიკალური მშვიდობიანი აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. უნიკალური იმიტომ, რომ რაც მესმის ადგილობრივებისგან, ამდენი ადამიანი აქციაზე ბოლოს 8–9 წლის წინ თუ იკრიბებოდა, მაშინ როდესაც მიშა იყო პრეზიდენტი. ამდენი წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ 50 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ხალხი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყანაში სამართლიანობას, პოლიტიკაში ცვლილებებს ითხოვენ. ასევე იმას, რომ არჩევნების მეორე ტური, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება, იყოს პატიოსანი, რათა მათი ხმები იყოს დაცული და არა – მოპარული”,– აცხადებს უკრაინელი დეპუტატი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, უკრაინის რადას დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესდა, არსებობს სხვადასხვა სახის პრობლემები.

“ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა. სამწუხაროდ, მასთან გასული კვირა დღიდან პირად ექიმს არ უშვებენ. ის ექიმები კი, რომელსაც მას ამჟამინდელი ხელისუფლბა სთავაზობს, ცხადია, რომ შეიძლება, იყვნენ ანგაჟირებულები. მნიშვნელოვანია,  მასთან პირადი ექიმი დაუშვან”,– თქვა ლიზა იასკომ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სტატუსით სტუმრობს მსჯავრდებულ სააკაშვილს ციხეში, ლიზა იასკო ამბობს – “პირველ ყოვლისა, მე ვარ უკრაინის პარლამენტის წევრი. ასევე, ვარ “ნათესავი”. უკრაინის საკონსულო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი შეხვედრები შედგეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი უკრაინულ მხარეს”.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა იასკოს ხელი მოწერილი სააკაშვილთან, უკრაინელი დეპუტატი პასუხობს: “რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არსებობს გარკვეული წესი, დროში რამდენი ადამიანის შეშვებაა განსაზღვრული ოჯახიდან. დიახ, გიდასტურებთ, მასთან დედა და შვილები იყვნენ. სხვას არავის უშვებენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები