რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის მხრიდან.

აღინიშნება, რომ “ამ ამოცანის აქტუალობა იზრდება დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რომ თბილისი ნატო-ში შეიყვანოს, რასაც მოწმობს რეგულარული სამხედრო წვრთნები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, Agile Spirit 2021, ალიანსის ბოლო მრავალეროვნული მანევრების ჩათვლით”.

“ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე სთავაზობს, დაიწყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი.

ცალკე, რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე. კონფრონტაციული პოზიციის დაკავება და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში მიკერძოებული დოკუმენტების გააქტიურება, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ მონაწილეობენ – ამით ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე რიგი საკითხების განხილვას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსაუბრობთ რეზოლუციაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც ყოველწლიურად თბილისს შეაქვს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.

მსოფლიო საზოგადოებისთვის გაერო-ს ტრიბუნიდან მისი ცალმხრივი და უაღრესად პოლიტიზებული აზრის თავს მოხვევა, რომელზეც წვდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ აქვთ, შეუძლებელს ხდის ამ საკითხზე დიალოგის გამართვას ჟენევის ეგიდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი დეკემბრის პირველ დეკადაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები