ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასება 387 მლნ. ლარით იგეგმება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს გაეცნენ. სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და ყურადღება დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდასა და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებები და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.4% საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარზე დაიგეგმა, 2023 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება იგეგმება.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2.844 მლნ. ლარით განისაზღვრა, საიდანაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – 1.862 მლნ. ლარი, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისთვის – 463 მლნ. ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის – 380 მლნ. ლარი, მყარი ნარჩენების მართვისთვის – 50 მლნ. ლარი დაიხარჯება. სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ჩასატარებელ სამუშაოებზე მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა. მან კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც კონკრეტული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და დასრულების ვადებს და თვითმმართველობისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ფინანსურ ხელშეკრულებებს გაეცნენ და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.