საბერძნეთში ონლაინ რეჟიმში მასწავლებლების მუშაობას შეაფასებენ – პედაგოგები ერთი დღით გაიფიცნენ
საბერძნეთში პედაგოგები ერთი დღით გაიფიცნენ, რადგან განათლების სამინისტროს მიერ მათი მუშაობის სავალდებულო შეფასებას აპროტესტებენ.
ამის შესახებ Ekathimerini წერს.
პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ განათლების სამინისტროს მიზანია “სახელმწიფო სკოლების დაშლა”. ასევე, ისინი ბრალს სდებენ სამინისტროს ტყუილში, რომ თითქოს პედაგოგები დიალოგზე უარს აცხადებენ და მათ შემხვედრი წინადადებები არ გააჩნიათ.
საგანმანათლებლო პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ სკოლებში გაგზავნილი შეფასების გზამკვლევების თანახმად, შეფასებისას აქცენტი კეთდება საგანმანათლებლო მუშაობაზე, განსაკუთრებით – პანდემიის დროს დისტანციურ განათლებაზე.
ეს შეფასებები მიზნად ისახავს იმის გარკვევას, თუ როგორ იყო ორგანიზებული და მუშაობდა ელექტრონული სწავლება, რა პრობლემების წინაშე დგას სკოლები და როგორ ხდება მათი მოგვარება. უფრო მეტიც, შეფასდება ის ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო სწავლებაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
ამავდროულად, მასწავლებლები შეფასდებიან ინდივიდუალურად ოთხბალიანი სკალით: არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, ძალიან კარგი, შესანიშნავი.