ოლეგ თორთლაძე: საჯარო რეესტრში არსებული წარმოება არ ეხებოდა სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც უკვე დაწყებული იყო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ოლეგ თორთლაძე აცხადებს, რომ საჯარო რეესტრი არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს და ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით წარმოებული განაცხადი არ უკავშირდებოდა მშენებლობის ნებართვას.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრს მხოლოდ შეუძლია, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს.

„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ეს არის დიდი ტრაგედია და მთელი ქვეყნის დანაკლისი. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საჯარო რეესტრი არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს და წარმოებული განაცხადი არ უკავშირდებოდა მშენებლობის ნებართვას. საჯარო რეესტრს მხოლოდ შეუძლია, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს. 4 ოქტომბერს შემოსული იყო განცხადება, რომელსაც თან ახლდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, 100%-იანი დასწრებითა და თავმჯდომარის ხელმოწერით, სარდაფის აზომვითი ნახაზი და პირველი სართულის უძრავი ფართის ამონაწერი. განმცხადებელი მოითხოვდა სარდაფსა და საცხოვრებელი ფართზე ერთიანი საკუთრების უფლების რეგისტრაციას. საჯარო რეესტრმა კანონმდებლობით განსაზღვრულ 4 სამუშაო დღეში მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ და განმცხადებელს დამატებით მოსთხოვა ერთიანი აზომვითი ნახაზის წარმოდგენა. ეს წარმოება არანაირად არ ეხება სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც უკვე დაწყებული იყო. წარმოება ეხებოდა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას“, – განაცხადა ოლეგ თორთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები