სარდაფის და ბინის გაერთიანებაზე დახარვეზებული განაცხადი – რა ირკვევა საჯარო რეესტრში

Batumelebi.ge-ის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე, სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეესტრს ერთ-ერთმა მოქალაქემ 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც გუშინ ჩამოინგრა.
რეესტრმა სწორედ გუშინ, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტაციის არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ დანგრეულ კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და რასაც აპროტესტებდნენ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

 

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები