შს მინისტრი: მიშენებები 90-იანების პრობლემაა… არ ვიცი მაგას რა უნდა ვუყოთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მედიას ახალი ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ ნანაგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით ჯამში, 5 ადამიანია გარდაცვლილი.
“თითოეულ აგურსა და “სინკარზე” მუშაობენ სამაშველოები, რომ თუ შეიძლება ადამიანი ცოცხალი იყოს, გადავარჩინოთ. ხელით მუშაობენ ფიზიკურად. ამ 3 ადამიანს რომ ვიპოვით, შესაძლოა, გახშირდეს მუშაობის რითმი. ჩვენი ვარაუდით, გამოძიებით რასაც ვუყურებთ, ნგრევა პირველ სართულზე საყრდენი კედლის გამოღებამ გამოიწვია, დაზუსტებით ვერ გეტყვით”, – თქვა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, პასუხისგებაშია მიცემული 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და 2 მუშა. მისივე თქმით, ბათუმის მერიის თანამშრომლები ჯერ არ გამოუკითხავთ.
საჯარო რეესტრის მონაცემებთან და სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა “გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს”.
“მიშენებების პრობლემა, სამწუხაროდ, 90-იანი წლების პრობლემაა როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. არ ვიცი მაგას რა უნდა ვუყოთ და რა უნდა უყოს ხელისუფლებამ. პრობლემაა ეს დიდი მთელს ქვეყანაში არამარტო ბათუმში. ხელისუფლებას უნდა მიეხედა საბჭოთა კავშირი რაც დაინგრა დღემდე, ყველა ხელისუფლებას მათ შორის.
დაშენებები არ ვუსვამდი ხაზს, არც ვახსენებდი არც მე, არც თორნიკე რიჟვაძე. ეს არ დაშენებულა არც 5 წლის წინ, არც 6 წლის წინ, ეს დაშენდა 15 წლის წინ ზუსტად ამ კორპუსზე, რაც ჩამოინგრა. ნებართვები ამოიღეთ როდის არის გაცემული. ნებართვა გაცემულია დაშენებაზე”, – განმარტა შს მინისტრმა
გომელაურმა ასევე თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა საშიშ სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივების მიერ შეტყობინებები შესული პოლიციაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.