თამარ ტალიაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტთან მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – თამარ ტალიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით, მონაწილეობას იღებდა საქართველოში მონტენეგროს პრეზიდენტის, მილო ჯუკანოვიჩის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროს გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.
მონტენეგრომ მოიპოვა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა და ასევე ევეროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ამასთან, ჩვენს ორ სახელმწიფოს მრავალი საერთო გამოწვევა და მიზნები აერთიანებს. მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით განხორციელებული ვიზიტი გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო გასაძლიერებლად”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.