ქეთევან დუმბაძემ საგრანტო პროგრამის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში გამართულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა

„წარმატებებს ვუსურვებ პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს. თქვენ დღეს ხართ ჩვენი ქვეყნის კეთილი ნების ელჩები ადგილსამყოფელ ქვეყნებში და იმედია ქართული დიპლომატიის მომავალი. მე როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი გამოვთქვამ თქვენთან თანამშრომლობის მუდმივ მზაობას და აღგითქვამთ მხარდაჭერას თქვენს მიერ წარმოდგენილი გეგმებისა და ინიციატივების განხორციელებაში“,- ასე მიმართა საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მონაწილეებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ ამბასადორიალზე, რომელიც პროგრამის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ მიმართეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქეთევან დუმბაძემ საზოგადოებას და დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობა საგრანტო პროგრამების განხორციელებაში, მათ შორის საპროექტო განაცხადების განხილვისა და კონკურსის მიმდინარეობაში.

ქეთევან დუმბაძემ საგრანტო პროექტებთან მიმართებაში საგარეო საქმეთა მინისტრის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მინისტრმა არაერთი ინიციატივა წარმოადგინა.

გამოცხადებული საგრანტო პროგრამები სამ მიმართულებას მოიცავდა- იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი, დიასპორული ინიციატივების -და უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა.დღევანდელი ვებინარი – სამუშაო შეხვედრა დაეთმო პროექტს – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.

ამბასადორიალში მონაწილეობდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები, სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მისი ტრანსლირება უცხოეთში მყოფი ახალგაზრდა ელჩებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები