გიორგი გახარია: დაბალანსებული საკრებულოების მიზნით, ვთავაზობთ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს
„ჩვენ ვთავაზობთ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საკრებულოები ყველა ქალაქში დაბალანსებული უნდა იყოს და არა – ერთპარტიული.
„ჩვენ ვთავაზობთ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება. ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები. ჩვენ ამ პროცესში არ გვაქვს არანაირი პრეტენზია, უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს. თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობის მიღებას, ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ ვიმოქმედებთ იმავე, ჩვენთვის მისაღები პრინციპით ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია, ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება, ეს არის ჩვენი მიზანი, დავალება ჩვენი ამომრჩევლების და რა თქმა უნდა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არცერთ მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც “ოცნებისთვის” და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა გახარიამ.