საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი ავსტრიის პოლიციის ატაშეს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი ავსტრიის პოლიციის ატაშეს საქართველოში – გერალდ ჰოერმანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის სამთო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი ჰანს ებნერი და ამავე დანაყოფის ექსპერტი სტეფან იუნგმანი. შეხვედრის მიზანი ავსტრიელი კოლეგებისთვის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობების და საჭიროებების გაცნობა იყო.
თავის მხრივ, სტუმრებმა ქართულ მხარეს ავსტრიის სამთო-სამაშველო სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ერთობლივი სწავლებების ჩატარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს. ავსტრიული მხარის წარმომადგენლები სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზასაც ესტუმრნენ, სადაც სტუმრებს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა – ნინო ბარქაიამ და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა – ავთანდილ თუთისანმა უმასპინძლეს.
ავტრიელი ექსპერტები ბაზაზე სამთო-სამაშველო მიმართულებით საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ და ქართველი მაშველების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავსტრიის თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (ADA) სამთო-სამაშველო დანაყოფების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. პროექტის ფარგლებში ყაზბეგის სამაშველო დანაყოფისთვის შეძენილ იქნა საბაზისო სამთო აღჭურვილობა. ავსტრიელი ექსპერტები ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო სამაშველო განყოფილებასაც ესტუმრნენ და აღჭურვილობა დაათვალიერეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.