რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 15 წელი გავიდა, ის 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. პოლიტკოვსკაია კრემლის და, პირადად, ვლადიმერ პუტინის გამორჩეული კრიტიკოსი იყო. მან პუტინის რეჟიმის არაერთ დანაშაულს ფარდა ახადა. ის იმიტომ მოკლეს, რომ სიმართლეს ამბობდა, უშიშრად წერდა მხოლოდ სიმართლეს. ამბობდა: „როგორ ვიცხოვრო, თუკი ტყუილს დავწერ?“
ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის ლიფტში მოკლეს. მკვლელმა ოთხჯერ მიბჯენით ესროლა, მათ შორის, მოახდინა საკონტროლო გასროლა თავში. იმ დღეს ანა საავადმყოფოში, დედის მოსანახულებლად უნდა წასულიყო, თუმცა, დედამდე ვეღარ მივიდა…ანა პოლიტკოვსკაიას ყველა ახლობელმა, კოლეგამ და გულშემატკივარმა იცოდა, რომ პუტინს ის სძულდა. ჟურნალისტი 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს მოკლეს. როგორც ჩანს, ეს ერთგვარი რიტუალური მკვლელობა იყო, რომელიც მიზნად ბელადის გულის გახარებას ისახავდა მიზნად. ვლადიმერ პუტინმა განცხადება მხოლოდ სამი დღის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, პოლიტკოვსკაია დიდად არაფერზე ახდენდა გავლენას და მისმა მკვლელობამ კრემლს უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე – მისმა სტატიებმა. დაახლოებით, მსგავს რამეს კრემლში ბორის ნემცოვის მკვლელობის თემაზეც ამბობდნენ – თითქოს, ნემცოვს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლო რუსეთის საზოგადოებაზე. ამ ორი ადამიანის მკვლელობის შემდეგ, კრემლს მხარი აუბეს კონსპიროლოგებმა და პროპაგანდისტებმაც, ირწმუნებოდნენ, რომ ეს რუსეთის მტრების ჩადენილი იყო. მიზეზად პრეზიდენტ პუტინისთვის ზიანის მიყენებას ასახელებდნენ. გავიხსენოთ, ახლა იმავეს ალექსეი ნავალნიზეც ამბობენ, თითქოს, მან თავი თვითონ მოიწამლა ან უცხოელებმა მოწამლეს.
პოლიტკოვსკაიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაისაჯნენ ორგანიზატორები და შემსრულებლები, დამკვეთების ვინაობა დღემდე უცნობია. ისინი არც არავის უძებნია. სხვადასხვა სასჯელი შეეფარდა 6 ადამიანს, მათ შორის, ადამიანს, რომელმაც სასხლეტს თითი დააჭირა და ეს რუსტამ მაჰმუდოვი იყო. მკვლელობის ორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობდნენ მისი ძმები – იბრაგიმ და ჯაბრაილ მაჰმუდოვები, ბიძა – ლომ-ალი გაიტუკაევი, მილიციის ყოფილი თანამშრომლები – სერგეი ჰაჯიკურბანოვი, დმიტრი პავლუჩენკოვი.მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პოლიტკოვსკაიას გაჩუმების, შეჩერების და მოშორების მცდელობა მანამდეც ყოფილა. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩეჩნების და სხვა კავკასიელი ერების მხრიდან დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ერთერთი იმათგან, ვინც 2002 წელს ტერორისტებმა დუბროვკაზე მდებარე თეატრალურ ცენტრში მოლაპარაკებების გასამართად შეუშვეს. 2004 წლის სექტემბერში, ბესლანის ტრაგიკული მოვლენების დროს ჟურნალისტი ჩრდილოეთ ოსეთში ასევე მომლაპარაკებლად მიფრინავდა, თუმცა, მაშინ მისი მოწამვლა რუსული სპეცსამსახურების საყვარელი მეთოდით მოხდა. მან თვითმფრინავში, ჩაის დალევის შემდეგ გონება დაკარგა და რამდენიმე დღეს სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწია. მას ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან მოლაპარაკებების გამართვა და ტყვეების გათავისუფლება, მსხვერპლის არიდება სურდა. თუმცა, კრემლმა და რუსეთის სპეცსამსახურებმა პოლიტკოვსკაია ბესლანამდე არ მიუშვეს…მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ 2018 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ეფექტური გამოძიება არ ჩაატარა და არ გამოაშკარავა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთები. სტრასბურგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამით ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) დაარღვია. ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის ხელისუფლებას მოკლული ჟურნალისტის ნათესავებისთვის (დედა და შვილები) კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
წელს, 17 ივლისს ანა პოლიტკოვსკაიას 93 წლის დედა, რაისა მაზეპა გარდაიცვალა. მას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მისი ქალიშვილის მკვლელობის დამკვეთს დაადგენენ. მაგრამ „პუტინის რუსეთი“ ხომ ჯერ ისევ არ დამთავრებულა.
ლელა დარასელია