ლაშა ხუციშვილი სსფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის მრჩეველს, ენრიკო აავის შეხვდა, რომელმაც ამ პოზიციაზე კრისტიან კორსი ჩაანაცვლა, – ამის შესახებ ინდორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2017 წლიდან ხორციელდებოდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერებისა და რეფორმების სამწლიანი პროექტი.

მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში: დაინერგა თანამედროვე საგადასახადო რეგისტრაციის სისტემა; გაუმჯობესდა კანონშესაბამისობის რისკის იდენტიფიცირებისა და მართვის პროცესი, დაინერგა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს. ამასთან სხვა არაერთი მიმართულებით გაიზარდა საგადასახადო ადმინისტრაციის ეფექტურობა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახორციელა საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციის შეფასება TADAT-ის მეთოდოლოგიით, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა.

ამავე დროს, შეხვედრაზე ისაუბრეს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, რომლის მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის კიდევ უფრო გამარტივება.

ლაშა ხუციშვილმა ენრიკო აავის წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, სსფ-ის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართულ მხარესთან კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები