მიხეილ სარჯველაძე – პრემიერის განცხადებაზე: საუბარია იმაზე, რომ ჭეშმარიტება გამოაშკარავდა, ამაში დასაძრახი არაფერია, როცა ავია რაღაც, იმას უნდა დაარქვა ავი – დამთავრდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, როცა ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს.

„მე არ მგონია, რომ რაიმე ისეთი იყო აქ, რაც შეიძლება, მიუღებლად ჩათვალოთ. პირიქით, ვფიქრობ, რომ მეტი სიცხადე შეიტანა პროცესებში, რაც მიმდინარეობდა საქართველოში. განცხადებები, რომელიც გაკეთდა ფაქტების თაობაზე,  ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციას ამ განცხადების ავტორი ფლობს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შეფასება გაკეთდა სააკაშვილის მოღვაწეობისა, ხელისუფლებაში მოსვლისა, ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტური შეფასებებია გაკეთებული და სწორი ანალიზია, თუ რა შეიძლება მოტივაცია ყოფილიყო სააკაშვილის, როცა ახალ ავანტიურას სთავაზობდა საზოგადოებას. როცა ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ ჭეშმარიტება გამოაშკარავდა, ამაში დასაძრახი არაფერია, როცა ავია რაღაც, იმას უნდა დაარქვა ავი – დამთავრდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, “მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები