ევროპარლამენტი: გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა

ევროპარლამენტი საქართველოს ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურზე განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი. ცნობად ვიღებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის დელეგაცია აღნიშნავს, რომ არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა.

„ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია. კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, მიუხედავად პროცესის დროს გარკვეული პროცედურული პრობლემებისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია გარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ზოგჯერ სიტყვიერ ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდიოდა.

„ძალიან ხშირად, პირადი თავდასხმები პოლიტიკურ დებატებზე ჭარბობდა, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა. საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე როგორც გავრცელებული ბრალდებები მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების შესახებ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, ეუთოს/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტასა და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას – ასევე აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის გათვალისწინება.

„არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, აღმოიფხვრას პირველი ტურის დროს დაფიქსირებული ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს: მათ თავიანთი ერის ინტერესი პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დაპირისპირების გვერდი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ. ევროპარლამენტი მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოხატავენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები