ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს
ვარშავაში ვიზიტად მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრს ჯორჯე რადულოვიჩს და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ფრანო მატუშიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
“ხორვატიის და მონტენეგროს მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და მიმდინარე პროცესების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატეს. მათ მზაობა გამოთქვეს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირებს კიდევ უფრო გააქტიურებენ და მომავალ წელს ორმხრივ ვიზიტებს განახორციელებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.