ოქტომბერში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ ახალ მედიკამენტს, რამაც სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის მკურნალობაში – თენგიზ ცერცვაძე
საქართველოში ოქტომბერში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ პრინციპულად ახალ მედიკამენტს. ჩვენი მოლოდინია, რომ ამან სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის წარმატებულ მკურნალობაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალმა მედიკამენტებმა მკვეთრად უნდა შეამციროს ავადმყოფის დამძიმების რისკები და, შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„ესაა ორი მედიკამენტი. მონოკლონური ანტისხეულები -კოვიდის მკურნალობაში პრინციპულად ახალი სიტყვაა. კოვიდის სამკურნალოდ ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ სწორედ მონოკლონურ ანტისხეულებზე. ეს არის იმის მსგავსი ანტისხეულები, რომლებიც მუშავდება ადამიანის ორგანიზმში კოვიდის გადატანის შემდეგ. მაგრამ ეს ანტისხეულები მიღებულია გენეტიკური ინჟინერიის გზით.
ჩვეულებრივ ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულებისგან იმით განსხვავდება, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არის ან დაბალი ან მაღალი, მაგრამ ხშირად მაინც არაა საკმარისი, რომ კოვიდგადატანილი პაციენტისგან აღებული პლაზმით ვუმკურნალოთ პაციენტს და ყოველთვის მივიღოთ კარგი შედეგი. ჩვენ ამ მეთოდს ერთ-ერთი პირველი მივმართავდით, გვქონდა შედეგები, მაგრამ ისეთი არა, როგორიც გვინდოდა. მონოკლონური ანტისხეულები გენეტიკური ინჟინერიით მიღებული ანტისხეულებია, არის ძალიან მაღალი კონცენტრაციით.
მეორე მედიკამენტს – „ბარიციტინიბს“ ქვეყანა 2-3 დღეში მიიღებს.
ბარიციტინიბი განსხვავებული მექანიზმისაა, რადგან ტაბლეტია, რაც ხელსაყრელია. მას აქვს ორმაგი მოქმედება, ის არის ანტივირუსულიც და ანტიანთებითიც. აქვს ის თვისებები, რაც აქვს „რემდესივირს“ და რომელიც ექნება მონოკლონურ ანტისხეულებს, ექნება ის თვისებებიც, რომელიც აქვს ტოცილიზუმაბს. ამ ერთი მედიკამენტით ვმკურნალობთ კოვიდის ორ მექანიზმს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაგვიანებული პაციენტებისთვის“, – განმარტავს ცერცვაძე.