უილიამ კორტნი: სააკაშვილი ნავალნი არ არის, რომელიც დემოკრატიული ცვლილებებისთვის მსხვერპლზე წავიდა, ამიტომ, ვაშინგტონის რეაქცია იგივენაირი ვერ იქნება

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი აცხადებს, რომ საქართველოში კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდა, რომელიც არ იყო გამჭვირვალე.

მისი თქმით, უკრაინა და საქართველო ვაშინგტონში აღიქმებოდნენ განვითარებად დემოკრატიებად და, ამჟამად, საქართველო უკრაინას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ამის შესახებ მან Currenttime-თან საუბარში თქვა.

სააკაშვილზე საუბრისას დიპლომატმა თქვა, რომ ის არ არის რუსი ოპოზიციონერი, ალექსი ნავალნი, რომელიც გარკვეულ მსხვერპლზე წავიდა რუსეთში დემოკრატიული ცვლილებებისთვის, შესაბამისად, სააკაშვილის დაკავებაზე დასავლეთს იგივენაირი რეაქცია არ ექნება, როგორც ეს ნავალნის შემთხვევაში იყო.

“საქართველოში პოლიტიკური კლიმატი რჩება მკვეთრად პოლარიზებული. ის კვლავინდებურად არის აქცენტირებული პიროვნებებზე და არა – პრობლემებზე. ამიტომ, არჩევნების პირობებში გაცილებით რთულია ადამიანების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ძირითადი გამოწვევები. ასე მოხდა ამ არჩევნებზეც, როდესაც უფრო მეტად საუბრობდნენ ამა თუ იმ პოლიტიკოსზე, ვიდრე იმაზე, თუ რას ჰპირდებიან ამომრჩეველს ადგილობრივ დონეზე და რა აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს.

რიცხვებით თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ ამომრჩევლებმა უპირატესობა მიაკუთვნეს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ეუთო-ს დამკვირვებლებმა, ისევე როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩომ, გამოთქვეს შეშფოთება ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

დასავლეთის პოზიციიდან და, განსაკუთრებით, ვაშინგტონის პოზიციიდან, ეს კიდევ ერთი არჩევნებია, რომელიც არ იყო გამჭვირვალე, რაც დიდი იმედგაცურუებაა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და უკრაინაზე ვაშინგტონში საუბრობდნენ, როგორც განვითარებად დემოკრატიებზე. მაგრამ, ამჟამად, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინას, თუ ვისაუბრებთ ვაშინგტონის მხრიდან მოლოდინებზე.

როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილი იყო, მან ყველაზე გაბედული რეფორმები გაატარა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ამას აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ დასავლეთში. მაგრამ, მისი მმართველობის მიწურულს, გაჩნდა ბევრი ინფორმაცია მისი ადმინისტრაციის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ, რასაც შეუძლებელია, არ გამოეწვია დასავლელი დამკვირვებლების იმედგაცრუება.

ვაშინგტონის აზრით, სააკაშვილი არ არის ალექსეი ნავალნი, რომელიც არის როგორც პოლიტიკური ლიდერი, ისე აქტივისტი, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს და რომელიც გარკვეულ მსხვერპლზე წავიდა, რუსეთში დემოკრატიული ცვლილებებისთვის. და მე არ მგონია, რომ სააკაშვილის დაკავებაზე დასავლეთის იმავენაირ რეაქციას ვერ ნახავთ, როგორც ეს ნავალნის შემთხვევაში იყო”, – თქვა უილიამ კორტნიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები