არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში დასავლეთის საწინააღმდეგო განცხადებების რაოდენობა გაიზარდა. ასევე, ეტაპობრივად მატულობს გზავნილები, სადაც რუსეთი საქართველოში უალტერნატივო ძალად არის წარმოდგენილი.
აგრეთვე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წელს კრემლი და მასთან დაკავშირებული აქტორები თავდასხმით სტრატეგიასთან ერთად თავდაცვით კომუნიკაციაზე გადავიდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა რუსული ტყუილების ამოცნობა უკვე ისწავლა.
„მედიის განვითარების ფონდი“ რუსულ დეზინფორმაციას წლებია, იკვლევს. ანგარიშში წერია, რომ 2020 წელს ევროკავშირთან მიმართებით ახალი ცრუ გზავნილი გაჩნდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა. დოკუმენტის თანახმად, ეტაპობრივად მკვიდრდებოდა აზრი, რომ თითქოს პანდემია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდა. პარალელურად, ვრცელდებოდა მითები უძლეველი რუსეთის მიერ პანდემიის გასაოცარ მართვაზე. არადა, ყველამ ვნახეთ, რა ხდებოდა რუსეთის საავადმყოფოებში, როგორ ითხოვნდნენ ექიმები შველას და რა გაუსაძლის პირობებში უწევდათ მათ მუშაობა.
„მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში ანტიდასავლური გზავნილების შემადგენელ ნაწილად იქცა. ოფიციალური მოსკოვი უალტერნატივო ძალად წარმოჩინდება, რომელსაც თითქოს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მომავალი საფრთხეებისგან საქართველოს დაცვა შეუძლია. დოკუმენტის მიხედვით, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც რუსული პროპაგანდა 2020 წელს აქტიურად ავრცელებდა, ეხებოდა დასავლურ ღირებულებებსა და მართლმადიდებლობას შორის ვითომდა შეუსაბამობას.
საქართველოში კრემლი, მასთან დაკავშირებული აქტორების საშუალებით, წლებია, დეზინფორმაციის კამპანიას ახორციელებს. მიზანი საქართველოს მოქალაქეების რუსეთის სიდიადესა და დასავლეთის გარყვნილებაში დარწმუნებაა. მაგრამ როგორც რუსეთის დეზინფორმაციის შესახებ ეს უახლესი ანგარიში გვაჩვენებს, საქართველოს მოსახლეობას სულ უფრო ნაკლებად სჯერა კრემლის ტყუილების. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე კარგად იაზრებს, რომ რუსეთი დესტრუქციული სახელმწიფოა, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს მაშინ, როცა დასავლეთი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზეა ორიენტირებული.
ნათია გულბანი