ამირან გამყრელიძე: საქართველოს 68 დასახლებულ პუნქტში 15 ოქტომბრიდან „იმუნიზაციის მარათონები” დაიწყება
“ვფიქრობთ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გავმართოთ იმუნიზაციის მარათონები და ე.წ. კვირეულები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
„ეს არის, ძირითადად, სოფლები, სადაც სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. ასევე, თბილისიდან იქნება გაგზავნილი დამატებითი ჯგუფები. ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბერს დაიწყება ერთკვირიანი მარათონი, შეჯიბრი ამ სოფლებს შორის. 68 სოფელი მოიცავს 250 ათას მოსახლეს. სამიზნედ ვიღებთ 60%-იან მაჩვენებელს, რომელზეც სამი კვირის განმავლობაში გავალთ. იქნება რამდენიმე ასეთი კვირეული, თუ ამან გაამართლა, შემდეგ ავიღებთ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2 ათას ადამიანს აღემატება“, – განაცხადა გამყრელიძემ.