თეა წულუკიანი: საუბარი სააკაშვილის ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა და ნონსენსი.
“სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე სუბარი ვერ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში, აქედან იქით, ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი იყოს.
საუბარი სააკაშვილის ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი გადავცეთ იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია. არ არსებობს ამის არავითარი მიზანშეწონილობა. ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს მიერ მისჯილი სასჯელები, ზოგიერთში კი ბრალდებულია და ან გამართლდება ან გამტყუნდება, ყველა ეს ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.