ირაკლი ბერაია სააკაშვილის დაკავებაზე: დღევანდელი დღე, მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში

მას შემდეგ, რაც საქართველოს სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა, ამ ქვეყანას ვერავინ არევს, ვერც შიგნიდან და ვერც გარედან, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ქართული სახელმწიფო ძლიერია როგორც არასდროს და ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობასა და ძლიერ ინსტიტუტებს.

„ვერც ერთი დესტრუქციული სუბიექტი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერასდროს ვერსად დაემალება სამართალს. სააკაშვილის რეჟიმი იყო სახელმწიფო ტერორიზმის მანიფესტაცია. ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, სააკაშვილი, დაკავებულია და ის საკუთარ თავზე იგრძნობს დემოკრატიული საქართველოს მართლმსაჯულების ძალას და სიმკაცრეს.

ამ დღეს დიდი ხანია ელოდა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე და მათი ოჯახები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სისასტიკე, ვინც შეეწირა ამ გაუგონარ ბოროტებას, ვინც წლები გაატარა უკანონო პატიმრობაში, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, კეთილსინდისიერი შრომით დაგროვილი საკუთრება და ვის ცხოვრებასა და ცნობიერებაზე კვალი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა.

დღევანდელი დღე, კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში. საქართველოს ჰყავს ეფექტიანი უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებები. განსაკუთრებულ შექებას და მადლობას იმსახურებენ ჩვენი პოლიციელები და უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს დამნაშავის დაკავების ღონისძიება. მათ მიმართ დაუმსახურებელი კრიტიკის, ცილისწამების და დისკრედიტაციის მცდელობების პირობებში ისინი ღირსეულად ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებასა და დგანან სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების და დაცულობის სადარაჯოზე.

განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ვახტანგ გომელაურისა და გრიგოლ ლილუაშვილის ლიდერობა, ვინც ჩვეული პროფესიონალიზმით, ცივი გონებით და წინდახედულობით კიდევ ერთხეელ აარიდა სახელმწოფოს დიდი საფრთხე“, – წერს ირაკლი ბერაია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები