აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური მთავრობის დაფინანსების 3 დეკემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური მთავრობის დაფინანსების 3 დეკემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 254-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 175 კონგრესმენი წინააღმდეგ წავიდა.
29 სექტემბერს, აღნიშნულ ინიციატივას მხარი აშშ-ის სენატმა დაუჭირა. ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა.
30 სექტემბერს აშშ-ში 2021 წლის ფინანსური წელი სრულდება, თუმცა კანონმდებლებმა მომდევნო ფინანსური წლის სრულფასოვანი ბიუჯეტი ჯერ ვერ შეათანხმეს.
შესაბამისად, ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების გახანგრძლივება 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დამტკიცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს ახალი „შათდაუნი“ (მთავრობის მუშაობის შეჩერება) ემუქრება.
აშშ-ში ბოლო „შათდაუნი“ 2018 წლის 22 დეკემბერს მოხდა, რის შედეგადაც, ფედერალური მთავრობა 35 დღის განმავლობაში არ მუშაობდა.