ტუნისში, ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრემიერმინისტრი ქალი იქნება
ტუნისის პრეზიდენტმა, კაის საიდმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 63 წლის ქალი, ნაჯლა ბუდან რამადანი წარადგინა, – ინფორმაციას გამოცემა “როიტერი” ავრცელებს.
63 წლის პრემიერმინისტრისთვის ეს პირველი პოლიტიკური თანამდებობაა. გეოფიზიკის პროფესორი, რამადანი მანამდე ტუნისის განათლების სამინისტროში მსოფლიო ბანკის პროექტებს კურირებდა.
ტექნოკრატი ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეობას ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე შეუდგება.
26 ივნისს პრეზიდენტმა საიდმა რამადანის წინამორბედი თანამდებობიდან დაითხოვა, რაც ბევრმა ქვეყნის მეთაურის მიერ ძალაუფლების მიტაცების მცდელობად აღიქვა.
კაისის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე რაშიდ ალ-ღანუშიმ „სახელმწიფო გადატრიალებად“ შეაფასა.
ტუნისელების ნაწილმა, რომელიც პარტია ენ-ნაჰდას მმართველობით უკმაყოფილოა და პარლამენტს კორუმპირებულად მიიჩნევენ – პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
გასულ კვირას საიდმა 2014 წელს მიღებული კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს მოქმედება შეუჩერა, რითაც აღმასრულებელი ხელისუფლება სრულად დაუქვემდებარა პრეზიდენტს.
ტუნისი ერთადერთი არაბული სახელმწიფოა, სადაც 2011 წელს დაწყებული „არაბული გაზაფხულის“ ტალღა დემოკრატიული წყობის დამყარებით დასრულდა.